• სექტემბერი 19, 2021 4:28 pm

რა იქნება ახლა? 3 გუნდი, სადაც მესის გადასვლა ყველაზე რეალურია

„ბარსელონა“ ლეგენდარულ კაპიტანს მისი დებიუტიდან 17 წლის შემდეგ კარგავს.

 

 

მიუხედავად ჟოან ლაპორტას ოპტიმიზმისა, მხარეებმა შეთანხმებასაც კი მიაღწიეს, მაგრამ ლა ლიგაში არგენტინელის კონტრაქტი ვერ დაარეგისტრირეს და არგენტინელი ფეხბურთელი „კამპ ნოუს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

 

რა იქნება ახლა? სად გააგრძელებს მესი კარიერას? პანდემიური პერიოდისა და კრიზისის გამო, მისი ხელფასის გადახდას ბევრი გუნდი ნამდვილად ვერ მოახერხებს.

 

პარი სენ ჟერმენი – ფავორიტი

 

ეს ტრანსფერი ყველაზე მეტად სავარაუდო ჩანს, მითუმეტეს იმის ფონზე, თუ როგორ ცდილობს პარიზული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

 

მას შემდეგ, რაც მესი ხელმისაწვდომია, კილიან მბაპეს მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება, რადგან მესის ხელფასის გადახდის გამო, პარიზელები შესაძლოა მბაპეს რეალში გაყიდვას დათანხმდნენ.

 

თავად არგენტინელისთვის ეს იდეალური სცენარია – გუნდი, რომელიც ახლა შენდება სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, გუნდი, რომელიც მას ყველაზე მაღალ ხელფასს გადაუხდის პოტენციური მსურველებიდან რაც მთავარია გუნდი, რომელშიც მესის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, ნეიმარი თამაშობს.

 

მანჩესტერ სიტი – რეალური ვარიანტი

 

 

მანჩესტერ სიტიმ 117 მლნ ევროდ ასტონ ვილადან ჯეკ გრილიში შეიძინა და ახლა მესის დამატების ვარიანტსაც განიხილავს, მითუმეტეს თუ ბერნარდუ სილვასთვის და რიად მაჰრეზისთვის მსურველებს მოიძიებს.

 

თავად მესისთვის ეს არ იქნება ურიგო ვარიანტი, რადგან ის გაერთიანდება მწვრთნელთან, რომელთან ერთადაც ყველაზე დიდ საკლუბო წარმატებებს მიაღწია და რომელსაც, მის გარეშე, ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია.

 

გარდა ამისა, სიტიში მისთვის ნაცნობი ჩიკი ბეგირისტაინიც მუშაობს, რამაც მისი ინგლისში გადაბარგების სურვილი შესაძლოა კიდევ უფრო გააღვივოს.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – გამოწვევა

 

მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი სატრანსფერო პოლიტიკა 34 წლის ვარსკვლავების გადაბირებას არ გულისხმობს, იქნება ეს უფასო ტრანსფერი, თუ არა, მაგრამ ის ნამდვილად არის ერთ-ერთი ისეთი გუნდი, რომელსაც მესის ტრანსფერის განხორციელება შეუძლია და ხელფასსაც ადვილად გადაუხდის.

 

თავად მესისთვის იუნაიტედი სიტისნაირი მომგებიანი ვარიანტი არ იქნება, რადგან გვარდიოლას გუნდი ინგლისშიც და ევროპაშიც ახლა უფრო მეტად ტოვებს ფავორიტის შთაბეჭდილებას, თუმცა ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს და ისტორიულ გუნდში გადასვლა, სადაც წარმატება მისმა მთავარმა ვიზავიმ, კრიშტიანუ რონალდუმ მიაღწია, შესაძლოა კარგი ვარიანტიც იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.