ქართული საჩოგბურთო სამყარო და არა მარტო, 16 ივლისს ელოდება. ამ დღეს გაირკვევა დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლო გისოსებს მიღმა გამოკეტავს თუ გაამართლებს.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 27-ე ჩოგანია საქართველოს პროკურატურამ 21 მაისს, ყოფილ მეუღლეზე ნელი დოროყაშვილზე პიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მას წინასწარი პატიმრობა არ შეფარდებია და სასამართლო განხილვამდე 100 ათასის გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრა.
„2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.
PHR-ი აგრძელებს ნელი დოროყაშვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესების დაცვას“ – ნათქვამია PHR-ის ოფიციალურ განცხადებაში.