• ოთხ. აპრ 14th, 2021

ალექსანდრე მეტრეველი – მსოფლიოს ყოფილი მე-9 ჩოგანი!

გთავაზობთ ალექსანდრეს მეტრეველის ევროპის 16-გზის და სსრკ-ს 29-გზის ჩემპიონის (ერთეულებში წყვილებში და შერეულ წყვილებში) სპორტული გამარჯვებებით მდიდარ ბიოგრაფიულ გზას! 

ალექსანდრე მეტრეველი დაიბადა 1944 წლის ორ ნოემბერს.  ყოფილი საბჭოთა ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.

1973 წელს, მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხოსლოვაკ იან კოდეშთან დამარცხდა. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში ოლგა მოროზოვასთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ბრიტანელ სტენლი მეთიუზთან დამარცხდა. უიმბლდონის გარდა, სხვა დიდი სლემის ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. კარიერა ჩოგბურთელმა 1980 წელს დაასრულა. ჯამში მან ATP-ის 5 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში. მეტრეველი არის ევროპის 16-გზის და სსრკ-ს 29-გზის ჩემპიონი ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). იგი 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ პირველ ნომრად (1966–67, 1969–78). რეგულარულად იღებდა მონაწილეობას დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. მეტრეველი არის სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი დეივისის თასის სპეციალური მედლით (ინგლ. Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა.

1966 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

გამოყენებული მასალა (ვიკიპედია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.