• ორშ. მაი 10th, 2021

ჭიდაობის წარმოშობის მოკლე ისტორია – სახეობები

დღეს marca.ge -ს მკითხველი გაეცნობა ჭიდაობის წარმოშობის მოკლე ისტორიას .

ჭიდაობის სხვადასხვა სახეობა არსებობს – თავისუფალი, ბერძნულ-რომაული… ჭიდაობა ჩვენში რომ ოდითგან იყო განვითარებული, ამის დასტურია წარმატებული ქართველი მოჭიდავეები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამარცხებენ მოწინააღმდეგეთდააქვთ გასაოცარი შედეგები. 

ჭიდაობას რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ამას ადასტურებს არაერთი დოკუმენტური მასალა, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ძეგლი, მსოფლიოს ხალხთა ეპოსი. ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა კვალი მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი. დღემდე შემორჩენილი და შემონახულია ფალავნობის უძველესი ტრადიცები, მათ შორის _ შუამდინარეთსა და კავკასიაში. ძვ. წ. IV-III ათასწლეულის ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში მოჭიდავეთა ტურნირები საერო და საკულტო დღესასწაულებზე ტარდებოდა. იმდროინდელ სამარხებში აღმოჩენილ ფიგურებზე, ეგვიპტური აკლდამის კედლებზე შემონახულ ნახატებზე, უფრო გვიანდელ ბერძნულ და ხეთურ ბარელიეფებზე ადვილად ამოიცნობთ თანამედროვე ჭიდაობის ელემენტებს. ორთაბრძოლის ხელოვნებით გამოირჩეოდნენ აზიის ხალხები, მათ შორის ჩინელები, რომლებიც ჯერ კიდევ ათასწლეულების წინათ `ჭიდაობის დღეებს~ მართავდნენ. ძვ. წ. 658 წელს დოკუმენტურად პირველად მოიხსენიება სუმოს მოჭიდავეთა იაპონური გილდია. ძველი საბერძნეთის სახვითი ხელოვნების მრავალ ნიმუშზე აღბეჭდილია მოჭიდავეთა შერკინების ეპიზოდები, მათ შორის – ჰერაკლეს და ანთეოსის ორთაბრძოლა. ძვ. წ. 510 წლის მარმარილოს ბარელიეფზე ნათლად ჩანს მოჭიდავეთა და მსაჯთა ფიგურები.  ჰომეროსმა “ილიადაში” (ქება ოცდამესამე) დაწვრილებით აღწერა ოდისევსისა და აიასის შერკინება, რომელიც აქილევსმა მოაწყო. პიროვნული კეთილშობილება ფიზიკურ სილამაზესა და სრულყოფილებასთან ერთად – ასეთი იყო იმდროინდელი ათლეტის იდეალი.

ფიზიკური აღზრდის ძველბერძნულ სისტემაში ჭიდაობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა და, როგორც პენტატლონის (კლასიკური ხუთჭიდი) შემადგენელი დისციპლინა, ძვ. წ. 708 წლიდან ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაშიც შედიოდა. 60 წლის შემდეგ თამაშებში ჩართეს პანკრატიონი (ჭიდაობისა და მუშტი-კრივის ერთგვარი სინთეზი), როგორც ცალკე სახეობა, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში ჭიდაობა პირველად ძვ. წ. 704 წელს შეიტანეს. იმდროინდელმა ცნობილმა ათლეტმა თეზეუსმა შეიმუშავა ჭიდაობის პირველი წესები: გამარჯვებულად ის ითვლებოდა, ვინც მეტოქეს მიწაზე სამჯერ დასცემდა.

 

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1928 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი  კაცებში 1951-იდან, ქალებში  1989-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან.

თანამედროვე თავისუფალი ჭიდაობის უშუალო წინამორბედად მიიჩნევენ ინგლისურ ,,კეტჩს”, რომელმაც მწყობრ სისტემად გააერთიანა მსოფლიოს ხალხთა გამოცდილება, თავი მოუყარა ჭიდაობის მდიდრულ ტექნიკურ არსენალს. ლიბერალური და ხელმისაწვდომი წესების გამო ჭიდაობის ახალ სტილს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ კი ამერიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით აშშ-ში. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ”კეტჩი”(სამოყვარულო ვარიანტი) სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად იქცა და როცა აშშ-მა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო (1904, სენტ-ლუისი), ასპარეზობის პროგრამაში თავისუფალი სტილით (F EE LE) ჭიდაობაც შეიტანეს. ეს იყო პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, რომელსაც 24 წლის შემდეგ მოჰყვა საფრანგეთის ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატი. იქ გადაწყდა, რომ ევროპის პირველობა ყოველწლიურად ჩატარდებოდა. 1965 წლამდე მხოლოდ 11 ჩემპიონატის გამართვა მოხერხდა, მას შემდეგ კი ეს ასპარეზობა რეგულარულად იმართება. თავისუფალი ჭიდაობის განვითარების ახალი ეტაპი იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ჩემპიონატებს, საერთაშორისო სარბიელზე კი პირველად გამოჩნდნენ ყოფილი სსრ კავშირის ფალავნები.
ორთაბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებულის ბედი ილეთების ვიზუალური შეფასებით წყდებოდა. სწორედ ამან განაპირობა შეჯიბრების წესების ხშირი ცვლილებები და ოპტიმალური ვარიანტის გამუდმებული ძიება. 1924 წლამდე შერკინება წმინდა მოგებამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი 40-წუთიანი ზღვარი შემოიღეს. სხვადასხვა დროს დაწესებული იყო 20, 15, 12, 10, 9 და 6 წუთი, 1997-იდან შეხვედრა 5 წუთს გრძელდებოდა, 2005 წლიდან კი შემოიღეს 3 ორწუთიანი პერიოდი. საგრძნობლად შეიცვალა შეჯიბრების სისტემა, ილეთთა შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესი.
თავისუფალმა ჭიდაობამ დროის გამოცდას გაუძლო და ორთაბრძოლის სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია: მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში მას 10 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში (1904) მხოლოდ ამერიკელი მოჭიდავეები ასპარეზობდნენ და, ცხადია, მედლების შვიდივე კომპლექტი მათ გაინაწილეს. მომდევნო ოლიმპიადაზე პროგრამაში ხუთი წონითი კატეგორია შეიტანეს. სამ წონაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ორში _ ამერიკელებმა. თითოეულ მონაწილეს შეეძლო ორ კატეგორიაში გამოსულიყო. ინგლისელმა ჯორჯ რელუისკოუმ ძირითად წონაში (66,6 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, 73 კგ-ში _ ვერცხლისა, რაც უნიკალური შემთხვევაა. სტოკჰოლმის V თამაშების (1912) გამოკლებით, თავისუფალი ჭიდაობა ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომამდელ ოლიმპიადებში ოქროს მედლებს ძირითადად აშშ-ის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოჭიდავეები ინაწილებდნენ, 80-იან წლებამდე _ თურქეთის, ყოფილი სსრ კავშირის, აშშ-ის, ირანისა და იაპონიის წარმომადგენლები. ბოიკოტის გამო მოსკოვისა (1980) და ლოს-ანჯელესის (1984) თამაშებს არაერთი უძლიერესი სპორტსმენი გამოაკლდა. მოსკოვში სსრკ ნაკრებმა 7 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო. ასევე დიდი წარმატება ხვდათ ამერიკელებს _ 7 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი. საბჭოთა და ამერიკელ მოჭიდავეთა მეტოქეობა სეულში (1988) დასრულდა. საბჭოელებმა კვლავ 9 მედალი მოიპოვეს (მათ შორის 4 ოქროსი), ამერიკელებმა _ 5 (2 ოქროსი). მომდევნო ოლიმპიადებში მედლებს 20-მდე ქვეყნის სპორტსმენები ინაწილებდნენ. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან ივარ იოჰანსონი (შვედეთი. ორჯერ გაიმარჯვა თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ _ ბერძნულ-რომაულში) და ალექსანდრ მედვედი (სსრკ, ბელორუსია). 2-2 ოქროს მედალი მიღებული აქვს 20-მდე მოჭიდავეს, მათ შორის ლევან თედიაშვილს. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა არსენ მეკოკიშვილი (40 წელი და 102 დღე).

გამოყენებული მაალა – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.