მარტი 29, 2024

ჭადრაკის დიდოსტატი, ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წელს ზუგდიდში.

მან ჭადრაკს ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მისი წარმატებებით არაერთხელ გვასახელა მსოფლიო მასშტაბით.

ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 21 წლისამ მოიპოვა, როცა ორგზის ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა, დაამარცხა. საქართველოსთვის ეს დიდი წარმატება იყო. რუსეთიდან მატარებლით დაბრუნებულ გაფრინდაშვილს სადგურზე გულშემატკივრის ზღვა დახვდა.

ამ გამარჯვებამ მას საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი და თამაშიდან ერთი წლის თავზე იგი ინგლისში, ჰასტინგსში, ექსკლუზიურ ტურნირზე მსოფლიოს მოწინავე მოჭადრაკეებთან — კაპაბლანკასთან, ალიოხინთან, სპასკისა და ბოტვინიკითან — ერთად მიიწვიეს. გაფრინდაშვილი ტურნირის ისტორიაში მეორე ქალი მოთამაშე და პირველი ქალი გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც მისდამი ქებას გენდერული კონტექსტი ჩამოცილდა. Daily Mirror-ის ერთ-ერთ სტატიას რომ დავესესხოთ, “მან მთელი ჭადრაკის სამყარო დააშამათა”.

1965 წელს გაფრინდაშვილი ჰასტინგსში მეორედ მიიწვიეს — ამჯერად მთავარ ტურნირზე სათამაშოდ, სადაც მან მიხეილ ტალისა და სხვა გავლენიან მოთამაშეთა წინააღმდეგ იასპარეზა. გაფრინდაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, გზად ყველა ბრიტანელი მოჭადრაკე დაამარცხა, პაულ კერესთან თამაში კი ყაიმით დაასრულა.

***

ლონ-პაინი, 1877 წელი 

გაფრინდაშვილი თამაშის აგრესიული სტილით, გონივრული ტაქტიკითა და სწორი კომბინაციების შერჩევის უნარით იყო ცნობილი. გერმანელ რუდოლფ სერვატისთან 1974 წლის დიუსელდორფის მატჩში მან ორივე ეტლი გაწირა და ამ სარიკსო გადაწყვეტილებით შეძლო მეტოქის დაშამათება. თუმცა, როგორც თავად გაფრინდაშვილი ამბობს, მისი საყვარელი პარტიები 1977 წლის ლონ-პაინის ტურნირს უკავშირდება.

იმ წელს ლონ-პაინის ტურნირში მონაწილეებს გამკაცრებული წესებით იღებდნენ და გაფრინდაშვილი ერთადერთი ქალი მოთამაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ მან დიდოსტატებთან — არგენტინელ პანოსთან, რუს ბალაშოვთან და სერბ შაჰოვიჩთან ერთად პირველი ადგილი გაინაწილა.

“ჩემი ძველი პარტიების ხარისხი დღემდე მაოცებს, რადგან ეს სვლები წინასწარმომზადებული არასდროს ყოფილა, ყოველთვის სპონტანურად ვთამაშობდი”, — ამბობს გაფრინდაშვილი. იგი დიდ ქებას იმსახურებდა “ოსტატური ენდშპილის ტექნიკისათვის”, როგორც ეს The New York Times-მა აღწერა ამერიკელ ჯეიმს ტარჯანთან მატჩის შემდგომ, რომელშიც გაფრინდაშვილმა მოსაგებად პაიკი გაწირა.

ის არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (19621978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 19891996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

 

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია, on.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *