• კვი. აპრ 11th, 2021

ცნობილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას ცხოვრების განვლილი გზა…

დიდი ქართველი მოჭადრაკე ნანა გიორგის ასული ალექსანდრია  დაიბადა 13 ოქტომბერი1949ფოთში. დიდოსტატი ქალთა შორის (1976), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

საინტერესო,საამაყო და მრავალფეროვანია ნანა ალექსანდრიას ხოვრების განვლილი გზა.

1972 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის (ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) აღმზრდელი (მწვრთნელი ვ. ქარსელაძე, 1966 წლიდან — ბ. გურგენიძე). სსრკ (1966, 1968, 1969) და საქართველოს (1964, 1965, 1968) ჩემპიონი. I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოჰრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974). მსოფლიო პირველობის 1969-1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.

ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ნანა ალექსანდრიას ჰყავს მეუღლე — არქიტექტორი ლევან ბოკერია და ერთი შვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია.

ფესტივალი

2005 წლიდან ქალაქ ფოთში ტარდებოდა ჭადრაკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა. 2016 წელს ფესტივალს სახელი შეუცვალეს და „ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ დაარქვეს. ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლების მტკიცებით ფესტივალისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან ალექსანდრია ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა.

ფაქტია, ნანა ალექსანდრიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჭადრაკის განვითარებაში. ლეგენდარულ მოჭადრაკეს – უგვირგვინო დედოფლადაც მოიხსენიებენ.

წყარო – ვიკიპედია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.