აპრილი 18, 2024

EMC-ის პრომოუშენში 31 ოქტომბერს ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. 22 წლის ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის UFC-ის ყოფილ მებრძოლ, ვეტერან ისმაელ ნაურდიევს დაუპირისპირდება.

 

ღონისძიება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

 

გოგოლაძისა და ნაურდიევის ბრძოლა EMC ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ფინალური და მთავარი დაპირისპირებაა. 22 წლის ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ 54 წამში დაამარცხა უკრაინელი პაველ კუში, რამაც მას ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. რაც შეეხება ნაურდიევს, მან ტიმოთეუჟ ლოპაშჩიკს სძლია.

 

ნაურდიევის რეკორდი შერეულ ორთაბრძოლებში ასეთია – 20 მოგება და 4 მარცხი. რაც შეეხება ახალგაზრდა ამირან გოგოლაძეს, ქართველს სულ 12 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 11 ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად გოგოლაძე ნაურდიევთან სატიტულო ბრძოლისთვის მშობლიურ ახალციხეში ემზადება. ამირანს დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

 

– 31 ოქტომბერს დიუსელდორფში კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გელის. როგორ შეაფასებდი მეტოქეს, რომელიც ადრე UFC-ის წევრი იყო? რის ხარჯზე აპირებ უპირატესობის მოპოვებას?

 

– ნაურდიევთან ბრძოლა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში დიდი პერსპექტივა გაჩნდება. რა თქმა უნდა, მწვრთნელებთან ერთად საბრძოლო ტაქტიკაზე აქტიურად ვმუშაობ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებებს უშუალოდ ბრძოლის დროს ვიღებ. ყველაფრისთვის მზად ვარ, თუ საჭირო იქნება დგომში ვიჩხუბებ, შემიძლია ასევე პარტერში კარგი ბრძოლა. მთავარია 31 ოქტომბრამდე ფიზიკურად კარგად ვიყო მზად და გამძლეობაზე ბევრი ვიმუშავო. იმედია ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

 

 

– UFC-სთან დაკავშირებით ხომ არ გაქვს სიახლე? ნაურდიევის დამარცხების შემთხვევაში სავარაუდოდ, შენდამი ამ ორგანიზაციის ინტერესი გაიზრდება.

 

– UFC-სთან უკვე მქონდა საუბარი. გეტყვით იმასაც, რომ გავლილი მაქვს დოპინგკონტროლი და გუშინ გავაგზავნე ყველა საჭირო სამედიცინო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრამდე რომელიმე ჩემი წონითი დივიზიონის მებრძოლი დაპირისპირებას რაიმე მიზეზით ჩაეხსნება UFC შესაძლოა დამიკავშირდეს და ბრძოლა შემომთავაზოს. ასე რომ, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს და მუდმივ მზადყოფნაში ვარ. აქვე გეტყვით, რომ თუ ასე მოხდა და 31 ოქტომბრამდე დამიკავშირდნენ, ნაურდიევთან დაპირისპირებაზე უარს ვიტყვი და გავაგრძელებ UFC-ში ასპარეზობას.

 

– ამჯამად სად ვარჯიშობ ?

 

– ახალციხელი ვარ და მოსამზადებელ ეტაპს სწორედ აქ გავდივარ. პერიოდულად თბილისშიც ჩამოვდივარ და სხვადასხვა დარბაზებში ვცდილობ საწვრთნელი პროცესის გავლას. იმ შემთხვევაში თუ UFC-დან 31 ოქტომბრამდე არ დამიკავშირდნენ და EMC-ში ვიბროლებ ქამრისთვის, დაახლოებით 2 კვირით ადრე ჩავალ დიუსელდორფში და იქ გავივლი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო დღეებს.

 

– მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ მიგიწვია. რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს ?

 

– ნამდვილად დამიკავშირდნენ. კონკრეტულად კი კონორის მწვრთნელი ჯონ კავანა და დამპატიჟა დუბლინში სავარჯიშოდ. გარდა ამისა ასევე დამიკავშირდნენ ლივერპულიდან, დარენ ტილის დარბაზიდან და იქიდანაც იყო საერთო ვარჯიშში მონაწილეობის შემოთავაზება, რაზეც ნაურდიევთან ბრძოლის შემდეგ ვიფიქრებ. ძალიან კარგი იქნება დუბლინში ჩასვლა და იქ ვარჯიში. შესაძლოა, ეს დეკემბერში მოვახერხო.

34 thoughts on “ექსკლუზივი | ამირან გოგოლაძე – დიდია ალბათობა, რომ UFC-დან იქამდე დამიკავშირდნენ, სანამ ნაურდიევთან სატიტულო ბრძოლას ჩავატარებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *