• სამ. აპრ 13th, 2021

რომის ქალთა ტურნირი სიმონა ჰალეპმა მოიგო

რომში ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გაიმარჯვა. მან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა.

 

პირველი სეტი 20 წუთში დასრულდა – ჰალეპმა არც ერთი გეიმი არ დაუთმო მეტოქეს. მეორე სეტში, როცა 1:1-ზე რუმინელმა მორიგი ბრეიკი შეასრულა, პლიშკოვამ ტრავმა მოიმიზეზა და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა – 0:6, 1:2. აღსანიშნავია, რომ ჩეხმა მეორე სეტის სამ გეიმში 16 (!) უნებლიე შეცდომის დაშვება მოასწრო.

 

რომში ჰალეპმა ყველა მატჩი ორ სეტში მოიგო, გამონაკლისი იყო მხოლოდ ნახევარფინალი ესპანელ გარბინე მუგურუსასთან, რომელთანაც სამი სეტის თამაში გახდა საჭირო.

 

ჰალეპმა კარიერაში მე-20 ტიტული მოიგო, რომში კი პირველად გაიმარჯვა. მანამდე ის ორჯერ იყო ამ ტურნირის ფინალში – 2017 და 2018 წლებში, ორივეჯერ პირველი სეტი მოიგო, მაგრამ ორივე მატჩი დათმო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.