მოსკოვის “დინამო” თბილისში ადგილობრივმა “ლოკომოტივმა” 2:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

აღნიშნულ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და მოვლენებს არც ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, დათო ტურაშვილი ჩამორჩა.

“ობიექტურადაც და სუბიექტურადაც, ძალიან გახარებული ვარ. სუბიექტურად იმიტომ, რომ ლექსო თოფურია (ლოკომოტივის პრეზიდენტი) ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მისი წარმატება ყოველთვის გამახარებს. ობიექტურ მიზეზებზე კი რა გითხრათ, მგონი ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.

“თავს ნურავინ მოიტყუებს. პოლიტიკა და სპორტი, მეტადრე ფეხბურთი, ერთმანეთისგან არ იმიჯნება. ვინმეს ჰგონია, რომ შოტლანდიელისთვის ინგლისელის დამარცხებაზე ტკბილი არსებობს რამე? ასე ვართ ჩვენც და რუსული კლუბის დამარცხება ყოველთვის უდიდესი მოვლენაა. პირველ რიგში, ამ წაგებებს ტრაგედიად სწორედ რუსები აღიქვამენ. გადავხედოთ, რა ხდება რუსულ ვებგვერდებზე და ყველაფერი ნათელი გახდება”.

“ისიც ხომ ვიცით, რომ მაგალითად, პუტინს უმალავენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ რუსეთის ნაკრების დამარცხების ფაქტებს და ატყუებენ, ყველაფერი კარგად არისო”.

“ფეხბურთს შეუძლია, რომ სახელმწიფოს განვითარებაზეც მოახდინოს დადებითი გავლენა. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, არგენტინაში უდიდესი აღმშენებლობა დაიწყო. ქართულ ფეხბურთსაც შეუძლია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულოს. ბოლო პერიოდში საფეხბურთო გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ წარმატება გადამდებია. უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალები. ასეთი მოგებები გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალებებაში გვიწყობს ხელს, რაც აუცილებლად გვჭირდება. ყველას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს მოგებას!” –  წერს ტურაშვილი სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ