წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდ შარში გაეხვია. მისმა ყოფილმა ცოლმა სასამართლოში უჩივლა. მოვლენები ასე ვითარდებოდა:

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“.

nnn

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

nnn

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.“

nnn

„ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ,“ – ეს უკვე ნიკა ბასილაშვილის სიტყვებია.

nnn

ამასობაში ირკვევა, რომ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს შორის კონფლიქტი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირისასაც მოხდა. აი, რა უთხრა პირველ არხს ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ:

„ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. ამ ეტაპისთვის სხვას ვერაფერს გეტყვით“.

ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი ჯოკოვიჩს ესაუბრა და მან მხარდაჭერა გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ