დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პოლიციის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ექიმები და შემდგომ პოლიციელები, ყველა ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 10 000 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ პროცესში ჩართული.

როდესაც ადამიანს ესმის იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებს, მეტი ღირსებით აკეთებს ამას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული მოქალაქის და საერთოდ სამართლიანი ნაბიჯების, სამართლიანი ქმედებების კონტექსტში.

ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ გახდება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო თუ თქვენ ღირსეულად და სამართლიანად თქვენს საქმეს არ გააკეთებთ.

ეპიდემიასთან ბრძოლაში პოლიციის როლი, ფუნქცია, გამოყოფილია, ცალკეა. საერთო საქმეში ამ როლის და ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება.

ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა – დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა. დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს.

ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა. საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით.

აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ