ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშები დასკვნით ფაზაში შევიდა.

ლეგენდარული ქართველი წყალბურთელის რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ოლიმპიკის საცურაო აუზზე გადის.

თბილისურ შეკრებამდე ჩვენმა გუნდმა მონტენეგროში სამი ტესტ მატჩი გამართა, მასპინძელ მონტენეგროსთან და საფრანგეთთან დამარცხდა, ხოლო გერმანიას აჯობა.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია, ასევე საბერძნეთის უძლიერესი ნაკრები და საფრანგეთი იქნებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრების უმთავრესი მიზანი ჯგუფში საფრანგეთთან გამარჯვების მოპოვება და 12 გუნდში მოხვედრაა.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების საუკეთესო შედეგს, ის ბოლო ევროპირველობაზე დაფიქსირდა, როცა ორი შეხვედრა მოვიგეთ და 16 გუნდიდან მეცამეტე ადგილი დავიკავეთ.

დამოუკიდებელი ქართული წყალბურთის ისტორიაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ზედიზედ მეოთხედ მიიღებს.

პირველად ეს ჩვენმა გუნდმა 2014 წელს შეძლო. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქართულ წყალბურთს აშკარა პროგრესი აქვს. ამას ემატება ისიც, რომ ისტორიაში პირველად მიმდინარე წელს დინამო თბილისი, რომელიც თითქმის იდენტური შემადგენლობით ასპარეზობს, როგორც საქართველოს ნაკრები, ლენის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ უფრო მეტად შეთამაშდა. იქნება თუ არა ეს წარმატების მოპოვების დამატებითი ფაქტორი, ამას მოახლოებული ევროპირველობა გვიჩვენებს.

ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 12 – დან 26 იანვრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ეროვნული გუნდის ყველა შეხვედრასთან ერთად ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებსაც შესთავაზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთის დედაქალაქში ხვალ ღამე გაემგზავრება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ