• სამ. მაი 11th, 2021

,,გაჩერებას არ ვაპირებთ, ეს იქნება დასაწყისი!” – დევნილთა საპროტესტო აქცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობასთან

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან (თბილისი, ვაჟა ფშაველას 16)  აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციამ ,,დევნილები დევნილებისათვის”დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორები ასევე იყვნენ  აფხაზეთის გარშემო გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები – კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა, პლატფორმა სუფთა სივრცე , შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირი.
აქციის ორგანიზატორებმა  და  მონაწილე დევნილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა აღშფოთება და უკმაყოფილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმოქმედობის მიმართ.
დევნილები მათ მიმართ მრავალი წლის განმავლობაში შელახულ უფლებებზე ალაპარაკდნენ და მოითხოვეს შემდეგი საკითხების გადაჭრა – 1. დევნილთა 45 ლარიანი შემწეობების გაზრდა. 2. საბინაო საკითხის აფხაზეთში დაბრუნებამდე მოგვარება. 3. 5 დღიანი კარანტინის მოხსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამაც გალელი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. 4.აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ დატოვონ მანდატები და წავიდნენ სახლში. 5. კანონი რესტიტუციის შესახებ.
დევნილთა აქცია პერფორმანსით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელთან  ყალბი 50 ევროიანები მიმოფანტეს. ამ სცენით მათ ამ სტრუქტურის სიყალბეზე მიუთითეს და დაგმეს…
დევნილები აცხადებენ რომ არ გაჩერდებიან მანამ სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევენ.
-სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დევნილთა საკითხების იგნორირებამ პიკს მიაღწია.
ვხედავთ ბევრი პრობლემა დაგროვდა. მათ შორის იგნორირებულია დევნილთა საარჩევნო უფლებები.
ადამიანები იხოცებიან ენგურს გაღმა ამ 5 დღიანი კარანტინის გამო. დევნილები მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და თუ არ შესრულდება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის ჩართვა. – ირაკლი ტორუა. ორგანიზაცია ,,დევნილები დევნილებისთვის” – დამფუძნებელი.
-დღევანდელი შეკრების მიზეზია ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დროა შეიცვალოს უმოქმედობა. მათ შორის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელიც არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ დევნილთა დასაბრუნებლად . ვითხოვთ 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას. ამ კარანტინმა იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. ვითხოვთ ცენტრალური ხელისუფლებისგან მოიხსნას ეს საკითხი, რადგან ეს არის ცუდი სიგნალი, ასევე უნდა დაჩქარდეს პროცესი რესტიტუციის კანონის შესახებ. არ ვაპირებთ გაჩერებას , ეს იქნება დასაწყისი. ჩვენ მივაღწევთ საწადელ მიზანს. – კობა ჭითანავა, პლატფორმა სუფთა სივრცე-ს  ლიდერი.
-დღევანდელი აქციის მიზანი იყო ენგურის ხიდზე გადმოსვლის კოვიდრეგულაციის შემსუბუქება, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა ადგილზე საველე ლაბორატორიის პირობებში პისიარ ტესტის გაკეთება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის.
პირადად მე ვაპროტესტებ ამ დრაკონულ 5 დღიან იზოლაციას, რასაც ფაქტიურად შეეწირნენ ადამიანები. ასევე გულისტკივილით აღვნიშნავ გალიდან დევნილების გულცივობას ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან მათ არ მიიღეს მონაწილეობა ამ აქციაში. – დალი მიქია, აფხაზეთიდან დევნილი.
აქციის ყველა მონაწილის საერთო მიზანი აფხაზეთში დაბრუნებაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.