• შაბ. აპრ 17th, 2021

მიხეილ ხერგიანი – სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივცემულოდ დამარქვეს.

ალპინისტი, მეკლდეური ,,კლდის ვეფხვად” წოდებული მიხეილ ხერგიანი 1932 წლის 20 მარტს დაიბადა, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. ნათლობისას მას სახელი ჩხუმლიანი დაერქვა. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა:

ვიკიციტატა
„…სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივცემულოდ დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი — ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ.“

მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის ამბებს ისმენდა. დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლას ამთავრებს. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას. 1956 წლიდან მიხეილი — შხელდას ხეობაში ალპინისტური ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმის უფროსია. 1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა, 1956 წელს ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა.

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (195519561964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (19521960196219641965 (აბსოლუტური), 19661967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.

ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

საინტერესო ფაქტები

  • 1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა.
  • 2011 წლის ოქტომბერში მესტიაში კლდეზე ცოცვაში მიხეილ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

(გამოყენებულია ვიკიპედიის ინფორმაცია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.