• შაბ. ივლ 31st, 2021

თბილისის გრან-სლემზე საქართველოს კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი აქვს

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯუდოს გრან-სლემზე წინასწარი ორთაბრძოლები დასრულდა.

ქართველებს 3 ბრინჯაოს მედლის შანსი აქვთ.

ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე -81 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ.

ლაშა შავდათუაშვილს პირველი წრეში ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინთან დიდი ბრძოლა გადახდა.
ქართველი ვაზარით აგებდა და ბრძოლის დასრულებამდე 34 წამით ადრე მეტოქე იპონით დაამარცხა

შავდათუაშვილმა შემდეგ დაპირისპირება კუბელ მაგდიელ ესტრადასთან დამატებით დროში მოიგო.
1/4 ფინალში კი რუს დენის იარცევთან ასევე ,,ოქრო დროში” წააგო და რეპეჟაში გადაერთო.
იქ კი უზბეკ მუროჯონ იულდოშევთან 8 წუთიან დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი კოსოვოელ აკილ გიაკოვს შეხვდება.

ალეკო მამიაშვილმა ერთურთის მიყოლებით უზბეკ ობიდხონ ნომონოვს და ბულგარელ მარკ ხრისტოვს სძლია.
1/4 ფინალში კი მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირთან იპონით წააგო.
რეპეჟაში კი სომეხ ფერნინანდ კარაპეტიანს ვაზარის უპირატესობით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.

ტატო გრიგალაშვილი ყატარელ კალილ რებაჰთან, ყაზახ დიდარ ხამზასთან და აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან გამარჯვებების შემდეგ გრან-სლემის 1/2 ფინალში გავიდა.
იქ კი ბელგიელ სამი ჩოუჩისთან იპონით დამარცხდა.

გრიგალაშვილი ბრინჯაოს შეხვედრა რუს ალან ხუბეცოვთან ჩაატარებს.

ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.
შეხვედრების ნახვა ვებგვერდ ippon.tv-ზე და ,,სილქ უნივერსალზე” შეგიძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.