• პარ. აგვ 6th, 2021

სკანდალი ოლიმპიადაზე – 6 პოლონელი მოცურავე “კოშმარულ” სიტუაციაში აღმოჩნდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 2 დღით ადრე, მორიგი სკანდალი აგორდა. “უხერხულ” სიტუაციაში ამჯერად პოლონეთის ოლიმპიური ნაკრები აღმოჩნდა – პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების ექვი მოცურავე, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, სამშობლოში ნაადრევად დააბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ცურვის ფედერაციამ საკვალიფიკაციო წესდება დაარღვია და ოლიმპიურ თამაშებზე 17-ის ნაცვლად 23 მოცურავე გაგზავნა.

 

Reuters-ის მტკიცებით – ალისია ჩორჟი, ბარტოშ პიშჩოროვიჩი, ალექსანდრა პოლიანსკაია, მატეუშ ჩოვანეცი, დომინიკ კოსაკოვსკა და იან ჰოლუბი იმ 23 პოლონელ მოცურავეს შორის იყვნენ, რომლებსაც ოლიმპიადაზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ და იაპონიაშიც ჩავიდნენ. მოგვიანებით დადგინდა, რომ მათ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვის უფლება არ ჰქონდათ.

 

მომხდართან დაკავშირებით, პოლონეთის ცურვის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კომენტარი სახლში დაბრუნებულმა მოცურავეებმაც გააკეთეს, რომლებმაც უკმაყოფილება არ დამალეს.

 

მორიგი სკანდალი ოლიმპიადაზე – 6 პოლონელი მოცურავე “კოშმარულ” სიტუაციაში აღმოჩნდა 1

 

“პოლონელი მოცურავეების გარშემო შექმნილი უხერხული სიტუაციის გამო, უდიდეს სინანულსა და მწუხარებას გამოვთქვამ. მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო – გვესმის, რამდენამ მძიმეა მოცურავეების ემოციური მდგომარეობა და მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთის ცურვის ფედერაციის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი და უკმაყოფილება სავსებით ლეგიტიმურია”, – აღნიშნა პაველ სლომინსკიმ.

 

“წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს თქვენი ცხოვრების ხუთი წელი დაუთმეთ. უარი თქვით პირად ცხოვრებაზე და გაწირეთ თქვენი ოჯახი, რადგან უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების უფლება მოგეპოვებინათ. სამწუხაროა, როდესაც თავგანწირვა სრული კრახით მთავრდება”, – აღნიშნა ალისია ჩორჟმა.

 

“მომხდარით შოკირებული ვარ. ეს არის აბსურდულ ვითარება, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. თავი კოშმარში მგონია და გამოღვიძება მსურს”, – აღნიშნა მატეუშ ჩოვანეცმა.

 

შეგახსენებთ, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პოლონეთი 19 მოცურავით იყო წარდგენილი. 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პოლონეთის სახელით 20 მოცურავე ასპარეზობდა – ორივე შემთხვევაში პოლონეთის ცურვის ნაკრები მედლების გარეშე დარჩა.

One thought on “სკანდალი ოლიმპიადაზე – 6 პოლონელი მოცურავე “კოშმარულ” სიტუაციაში აღმოჩნდა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.