მომავალი წლიდან საქართველოს პირველ და რეგიონალურ, ასევე ჭაბუკთა ლიგებში „ლურჯი ბარათის“ საპილოტო პროექტი დაინერგება, რომლის მიზანი მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

„ლურჯი ბარათი“ უკვე მოქმედებს სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებში (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა), ასევე საფრანგეთში. მას მსაჯი იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მორაგბეს კონტაქტის შემდეგ ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშნება, თუმცა გუნდის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი მის გამოცვლას არ ჩქარობს. მსაჯი ვალდებული და უფლებამოსილია, ამ დროს ლურჯი ბარათი გამოიყენოს და დაშავებული მორაგბე იძულების წესით შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ ლურჯი ბარათის გამოყენების შემთხვევაში, მოედანზე ნებისმიერი პოზიციის მოთამაშეს შეუძლია დაბრუნება, ასე, რომ ამ გადაწყვეტილებით გუნდი კაცნაკლული არ რჩება. თავად დაშავებული მოთამაშე ლურჯი ბარათის დაფაზე ხვდება და მინიმუმ ერთი კვირა თამაშს ვერ შეძლებს. იმდენად, რამდენადაც ტვინს თვით-აღდგენის ფუნქცია აქვს, რეაბილიტაცია იმ პირობებშიც მოხდება, თუ მორაგბე პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობას არ გაივლის.

საქართველოში ლურჯი ბარათის დანერგვის ინიციატორები რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე და რაგბის კავშირის მთავარი ექიმი ბესიკ ჩადუნელი არიან.

„მე და ბესოს სულ სხვა საკითხზე გვქონდა შეხვედრა და საუბრისას აღმოჩნდა, რომ ლურჯ ბარათზე ორივეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვქონია ნამუშევარი. ამ პროექტის ამუშავების მიზეზი მარტივია. დიდ 10-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ლიგებზე, თითქმის ყველა ტურში ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც მწვრთნელებისა და ექიმების მხრიდან ხდება ტვინის შერყევის იგნორირება და დაშავებული მორაგბე თამაშს აგრძელებს, ეს კი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ლურჯი ბარათის იდეა რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს გავაცანით, მან პირველივე შეხვედრიდან სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მომავალი წლიდან საპილოტო პროექტი ამოქმედდება“ – ამბობს სიმონ მაისურაძე.

აღმოსავლეთ საქართველოში 20, ხოლო დასავლეთ საქართველოში 15 მსაჯს უკვე ჩაუტარდათ სემინარები ტვინის შერყევის ამოცნობასა და მართვასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში კი მათ გამოცდები ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მსაჯი ვერ შეძლეს სასურველი შეფასების მიღებას, განმეორებითი ტესტირება იანვარში ჩატარდება. საგულისხმოა, რომ სემინარები ჩაუტარდებათ მწვრთნელებს, გუნდების წარმომადგენლებს, კაპიტნებს და მოთამაშეებს, ასევე ჟურნალისტებს, რათა რაგბში ჩართულ ყველა ადამიანს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რასაკვირველია სამედიცინო პერსონალსაც.

„სემინარის მიზანი იყო, რომ მსაჯებს კარგად შეესწავლათ ტვინის შერყევა და მისი სიმპტომები, რათა შემდგომში, თუ თამაშისას მოედანზე ასეთ ფაქტს შეესწრებიან, გააჩერონ შეხვედრა და ლურჯი ბარათი გამოიყენონ. ამით მსაჯი იმ წამსვე იწყებს დაზარალებული მოთამაშის რეაბილიტაციას და მას ხანგრძლივი ტრავმის მიღების საფრთხეს არიდებს. ტვინის შერყევას რამდენიმე სიმპტომი აქვს და ზოგჯერ მისი ამოცნობა რთულია, თუმცა არის ჯგუფი ნიშნებისა, რომლებიც აშკარა ტვინის შერყევაზე მეტყველებენ. თავიდან მსაჯები სწორედ ამ აშკარა ნიშნებით იხელმძღვანელებენ, ნელ-ნელა კი სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება“ – გვიყვება ბესიკ ჩადუნელი და აგრძელებს:

„სემინარებისას გვქონდა როგორც თეორიული ნაწილი, ასევე ვიდეო-გარჩევები, რომელშიც ნაჩვენებია რეალური შემთხვევები და ქართველი მსაჯები სხვადასხვა სიტუაციებში თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას. გვქონდა გამოცდები, მოხდება მისი შედეგების შეფასება და თუ საჭირო გახდება, იანვარში გვექნება გადაბარება, რაც აბსოლიტურად ნორმალურია, რადგან სრულიად ახალ თემას ვეხებით. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის განახლებას უკვე ლურჯი ბარათებით შვხვდებით. პილოტური პროექტი, საქართველოს ჩემპიონატის ქვედა დივიზიონებში და ჭაბუკთა ლიგებში ამოქმედდება. წლის ბოლოს შეჯამდება მსაჯების, ასევე კლუბების მიერ დანახული პრობლემები, მოხდება ამ პროექტის დახვეწა და უკვე სრულყოფილი სახით, ის დიდ 10-შიც შეიძლება დაინერგოს“.

ლურჯი ბარათის დანერგვას მიესალმება საქართველოს მსაჯთა განვითარების მენეჯერი ლუკა კილასონია:

„ლურჯი ბარათი რაგბის კავშირის ინიციატივაა, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. მსაჯებისთვის მისაღებია ეს სიახლეები, რადგან ყველას მიგვაჩნია, რომ მისი მეშვეობით ვეხმარებით მოთამაშეს გაიხანგრძლივონ კარიერა და თავიდან აიცილონ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი“.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო რაგბის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, უკვე აიტვირთა ტვინის შერყევის მართვის მოდული ქართულ ენაზე და მისი გავლა და შესაბამისი ონლაინ სერთიფიკატის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

მსოფლიოს სპორტულ და სამედიცინო სამყაროში უკვე აღიარებული ფაქტია, რომ ამ ტრავმასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდს სწორედ განათლება წარმოადგენს. და ეს არ ეხება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის განათლებას. მისასალმებელი იქნება, თუ რაგბიში ჩართული ყველა ადამიანი, იქნება ეს მოთამაშე, მწვრთნელი, მენეჯერი თუ მშობელი, გაეცნობა ამ მოდულს, სადაც ადვილად გასაგებ, არასამედიცინო ენაზე განმარტებულია ამ საშიშ და სამწუხაროდ საკმაო ხშირ ტრავმასთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

სტატია მომზადებულია https://rugby.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ