ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ (16 საათზე) რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიასთან ბონუსით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო 15-ში 8 ცვლილებაა.

ტრავმა მოიშუშა და უკანა ხაზში ფრთაზე ბრუნდება აკაკი ტაბუცაძე. შეიცვალა ღერძიც და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი იწყებს.

შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება ბურჯი, გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი. სრულადაა განახლებული მეორე ხაზი და სასტარტო შემადგენლობაში გამოცდილი ნოდარ ჭეიშვილი და შალვა სუთიაშვილი იქნებიან. მესამე ხაზში ბრუნდება ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო შერკინების შემკვრელად მიხეილ გაჩეჩილაძეს ვიხილავთ.

მალაღურაძის მე-100 კეპი.

უკანა ხაზში, ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გამოცდილმა წყვილმა – ლაშა მალაღურაძემ და დავით კაჭარავამ. მალაღურაძისთვის ეს მე-100 სანაკრებო კეპია და ის 14 მარტს მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება, ხოლო კაჭარავა, რომელიც ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზეა, ამ მაჩვენებელს 123-მდე გაზრდის.

პორტუგალიასთან მატჩის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში არიან ფულბეკი სოსო მათიაშვილი და ფლანკერი სანდრო თოდუა.

ძირითად შემადგენლობაში რჩებიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯი ლევან ჩილაჩავა და ფლანკერი ბექა საღინაძე.

ძირითად შემადგენლობაში მყოფი ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 401-ს, ხოლო მორკინალების 339-ს შეადგენს.

მარქაფა

მთავარმა მწვრთნელმა პირველი ხაზის მარქაფა უცვლელად დატოვა – გიორგი ჭყოიძე, გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. თადარიგში გადაინაცვლა მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა, ხოლო მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ, რომელსაც ერთი კვირის წინ დებიუტი ჰქინდა, 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა.

9 ნომრის პოზიციაზე მარქაფაშია გელა აფრასიძე. ხაზში შეცვლაზე შევლენ გამოცდილი ლაშა ხმალაძე და ახალგაზრდა დემე თაფლაძე.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 5. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ