• ოთხ. მაი 12th, 2021

ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ საფრანგეთში ლელოები გაიტანეს

პრო დე2-ის 27-ე ტურში ორი ქართული ლელო გავიდა. ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ ‘ორიაკს’ 5-5 ქულა შესძინეს და უმნიშვნელოვანეს მატჩში 33:21 მოაგებინეს.

ტოპ 14-ის 21-ე ტურში მხოლოდ სამი თამაში გაიმართა, ოთხი კი გადაიდო. ‘ბეიონი’ ‘პოს’ ეწვია, დაძაბულ ბრძოლაში 33:43 დამარცხდა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში დაწევის შესაძლებლობა მისცა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ.

პრო დე2-ის 27-ე ტურში ‘ოიონა’ ‘ნევერს’ ეწვია და 20:15 გაიმარჯვა. სტუმართა წარმატებაში საკუთარი წვლილი ქართველმა ბურჯებმა შეიტანეს. ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა ‘ოიონას’ ძირითადში იყვნენ და პირველი 59-ე, ხოლო მეორე 52-ე წუთზე შეცვალეს. ‘ნევერის’ ძირითადში იყო და 59 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ.

‘ბიარიცი’ ‘მონ-დე-მარსანთან’ სტუმრად 17:20 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა. სტუმართა ძირითადში სამი ქართველი მორაგბე იყო – თორნიკე ჯალაღონიამ სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი ნუცუბიძე და ლუკა აზარიაშვილი შესვენებისას შეცვალეს.

‘კარკასონი’ ‘პროვანსს’ ეწვია და 34:18 გაიმარჯვა. მასპინძელთა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა, ხოლო სტუმართა რიგებში ნუგზარ სომხიშვილი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა.

‘ორიაკმა’ ‘ანგულემს’ ქართველების ლელოებით 33:21 მოუგო და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს, ‘ანგულემს’ კი, დაქვეითებისგან პრაქტიკულად ვეღარაფერი უშველის. სტუმართა შორის 34-ე წუთიდან ითამაშა ლუკა გოგინავამ, მასპინძელთა რიგებში კი ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა.

შეუცვლელად გაისარჯა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ‘ორიაკს’ დატოვებს და კარიერას ტოპ 14-ის ‘ლიონში’ გააგრძელებს, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან 75-ე წუთზე ლელოდან 5 მეტრში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ძირითადში იყო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მე-8 წუთზე ის ყვითელი ბარათით დაისაჯა, პირველი ტაიმის მიწურულს საღინაძეს 5-მეტრიანში მიყვა, ბურთი გამოართვა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, 68-ეზე კი შეცვალეს. პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა.

‘კოლომიემ’ ‘მონტობანი’ მიიღო და 41:31 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

‘სტუმრად’ ‘ვანთან’ 18:22 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა ‘რუანი’, რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ.

‘გრენობლმა’ ‘ვალანსს’ სტუმრად 30:23 მოუგო. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითადში იყო ნიკა ნეფარიძე, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 65-ეზე მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 6 წუთი ითამაშა.  შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.