• კვი. აპრ 11th, 2021

ინტერვიუ ანრი გორდაშვილთან – პირობები და ინფრასტრუქტურა რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია გუნდს და გვიწევს რთულ პირობებში ვარჯიში

marca.ge –ს სტუმარი ახალგაზრდა, წარმატებული  მორაგბე ანრი გორდაშვილია. ის პატარძეულის ,,ვეფხვებს” წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის რომ 22 წლის მორაგბეს მსოფლიო რაგბის მიერ მინიჭებული აქვს პირველი დონის ექიმის დიპლომი.
ანრი გორდაშვილი გუშინ ,,ვეფხვები”-,,ჯიქი” მმატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
-ანრი თქვენ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდით. გილოცავთ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, ელოდით? როგორია თქვენი განცდა?
-პირველად მივიღე ეს ტიტული რაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს ჩვენი გუნდი, მოგეხსენებათ წელს ავედით უმაღლეს ლიგაში და ქვედა ლიგაში არ ყოფილა მსგავსი ტიტულები. რათქმაუნდა ყველა მატჩში ცდილობს მოთამაშე თავისი მაქსიმუმის გაკეთებას და როგორც ჩანს ამ კონკრეტულ თამაშზე გამოიკვეთა ეს და ჟიურიმ დამასახელა საუკეთესო მოთამაშეთ, რასაც არ ველოდი ნამდვილად და სასიხარულო იყო, კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა.
-მოგვიყევით რაგბის გუნდ ,,ვეფხვების” შესახებ.
-მოგეხსენებათ ვთამაშობ პატარძეულის “ვეფხვებში” რომელი გუნდიც წელს ამოვიდა უმაღლეს ლიგაში, ხოლო მე ამ გუნდს გასულ სეზონში შევუერთდი, როდესაც იწყებოდა პირველი ლიგის გათამაშება. სადაც შევძელით გათამაშების ლიდერებში ყოფნა და ამოვედით უმაღლეს ლიგაში. ამ ბედნიერების გაზიარების პატივი მხვდა გუნდთან რომელიც გახდა მეორე ოჯახი და დღესაც ერთად ვდგავართ მოედანზე და ვიზიარებთ წაგებასაც და მოგებასაც, ამ წარმატების ერთ-ერთი მონაწილეები არიან გუნდის მშვრთნელები და სტაფი, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მიზანია უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება რადგან შემდგომი სეზონიდან მეტად პროგრესირდეს გუნდი.
-რაა საჭირო გუნდის გასაძლიერებლად და რა ხელის შემშლელი ფაქტორებია?
-ამ ყველაფერში გვაქვს ერთი ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორი, პირობები და ინფრასტრუქტურა რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია გუნდს და გვიწევს რთულ პირობებში ვარჯიში. იყო დაპირებები მაგრამ სიტუაცია ისევ უცვლელია.
-რას გვეტყოდით თქვენს შესახებ მოკლედ?
-მე რაც შეეხება. ვარ 22 წლის, სოფელი მარტყოფიდან, აქვე დავამთავრე სკოლა და შემდეგ სწავლა გავაგრძელე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით, რომელიც გასულ წელს დავხურე და მაქვს ბაკალავრის ხარისხი ამ დარგში.
-რაგბს რაც შეეხება, რაგბის თამაში დავიწყე 14 წლის ასაკში სოფელ მარტყოფში, და განვითარების მიზნით უკვე რამდენიმე თვის შემდეგ გადავედი თბილისის სარაგბო კლუბ “არმაზში” ასე რომ ვთქვათ, ვარ ,,არმაზის” აღზრდილი.
-ანრი, რას გვეტყოდით ასაკობრივ ლიგებში თქვენს მონაწილეობაზე?
-ასაკობრივი ლიგები, B ლიგა და A ლიგა ვითამაშე ,,არმაზში”, სადაც B ლიგის ჩემპიონატში გუნდი გავხდით ფინალისტები, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ადგილს დავჯერდით. ასაკობრივი ლიგების დასრულების შემდეგ ასევე 2 წელი ვიასპარეზე ამავე კლუბის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ მქონდა ჩავარდნები სწავლიდან გამომდინარე. მაგ დროს დავრწმუნდი იმ გამოთქმაში “ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო “.
ამის შემდგომ უკვე საუნივერსიტეტო ბოლო, მე-4 წელს გადმოვედი “ვეფხვებში”, უკვე სპორტში ჩავერთე 99%, რაშიც აღარ მიშლიდა ხელს სწავლა და ამან გამოიღო შედეგი.
უკვე მეორე წელი სრულდება ვთამაშობ რაგბის კლუბ “ვეფხვებში” და ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვვასპარეზობ საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში.
-კარიერული წინსვლა ასევე ალბათ გეხმარებათ პარალელურად  ცხოვრებისეულ სხვა წინსვლებში…
– კარიერული წინსვლის მომენტში როდესაც ავედით უმაღლეს ლიგაში, გადავდგი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი და შევქმენი ოჯახი, ამ ეტაპზე მყავს უსაყვარლესი მეუღლე და ვართ პატარას მოლოდინში.
-მოგვიყევით თქვენი სხვა მიღწევების შესახებაც, რომლებიც გეამაყებათ.
-მიღწევებში ჩავამატებ  ასევე ნათამაშები მაქვს საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში სადაც ვიცე-ჩემპიონები გავხდით, და ასევე პროფესიული განხრით ვიყავი დამხმარე ექიმი საქართველოში 2017 წელს ჩატარებულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ამის შემდეგ გარკვეული დროით ეროვნული სარაგბო სამედიცინო ჯგუფის წევრი, ასევე მაქვს მსოფლიო რაგბის მიერ მონიჭებული პირველი დონის ექიმის დიპლომი
-მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებებს!
Aa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.