• შაბ. ივლ 31st, 2021

ლევან მაისაშვილი: ,,ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით“

,,ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით“-აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლევან მაისაშვილი ,,ბორჯღალოსნების თამაშით და პროგრესით კმაყოფილია და აცხადებს, რომ
მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე დიდი  შრომა უწევდათ.

ლევან მაისაშვილი:
„თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით.

მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. „შემოდგომის ერთა თასიდან“ დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ“.

მერაბ შარიქაძემ ქომაგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც კაცნაკლულად თამაშმა შექმნა:

„ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარში დაგვიდგა და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა. ძალიან დიდი მუხტი მოაქვს გულშემატკივარს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ წინაშე თამაში. რაც შეეხება შეხვედრას, ურთულესია 14 კაცით მთელი თამაშის ჩატარება. ორმაგად გიწევს მუშაობა, ტაქტიკა უნდა შეცვალო, კომბინაციები ირევა… მაგრამ სირთულეებს თავი გავართვით. რუმინეთმა ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობების გამოყენება მოახერხა, თუმცა თამაშის მართვის და შესრულების კუთხით, ჩვენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გვქონდა. გამოსასწორებელი ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და შრომა, გამოცდილება და ანალიზი ჭირდება“.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 28:17 სძლია და რაგბი ევროპის ჩემპიონის თასთან ერთად ,,ანთიმოზ ივერიელის” თასიც აღმართა.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.