• კვი. აპრ 11th, 2021

ლევან მაისაშვილი: „მაყურებელი რაგბის ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს”

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან გასამართი მატჩის წინ, ,,ბორჯღალოსნებმა”,,მიხეილ მესხის“ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრას მაყურებლები დაესწრებიან. მაისაშვილმა და შარიქაძემ პირველად კომენტარი ამ ფაქტის შესახებ გააკეთეს.
„მთელი სიამოვნება, რაც სპორტსმენობას შეეხება გულშემატკივრებთანაა დაკავშირებული. მათი ემოცია და ატმოსფერო, თითოეული მოთამაშისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს და შეგვიძლია გულშემატკივრის გახარება“.

აღნიშნულით კმაყოფილია მაისაშვილიც:

„მაყურებელი რაგბის ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი და გულშემატკივარს სანახაობრივ რაგბის პირდება:

„გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა“.

მაისაშვილს წინა მატჩთან შედარებით განხორციელებულ ცვლილებებზეც კითხეს:

„არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს“

საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 28 მარტს, თბილისის ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრა სტარტს, 15:00 საათზე აიღებს.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის თასს აღმართავს.

წყარო: rugby.ge
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.