• ოთხ. აპრ 14th, 2021

ლევან მაისაშვილი: ,,რუსეთთან მუდამ განსაკუთრებული მობილიზებით ვთამაშობთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ,,rugby.ge”-სთან ინტერვიუში რუსეთთან განვლილი შეხვედრა შეაფასა.

კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე დაისვენეს და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

ლევან მაისაშვილი:
„უდაოდ კარგი თამაში იყო და ეს ლოგიკურიცაა. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით მოთამაშეთა დიდი ჯგუფი დაგვაკლდა. პირველ ორ კვირაში მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, შესასრულებელი იყო დიდი მოცულობის სამუშაო და ამას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. გარდა ამისა, რუსეთთან მუდამ განსაკუთრებული მობილიზებით ვთამაშობთ, მოედანზეც უფრო თავდაჯერებული გავედით და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და ბონუსიც ავიღეთ. გვქონდა კიდევ არაერთი ლამაზი ლელოს გატანის შანსი, მაგრამ რიგ შემთხვევებში არ გაგვიმართლა, ან შეცდომები დავუშვით, თორემ სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

ტაქტიკაში პატარ-პატარა სიურპრიზები მუდმივად გვაქვს, თუმცა კალინინგრადში მეტოქე ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც დავჩაგრეთ და მოლშიც დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც ხაზმა კარგად გამოიყენა. სწორედ ძალისმიერი თამაშის შედეგი იყო, რომ ხაზი სწრაფად თამაშობდა. დავალება იყო რაქი სწრაფად გაწმენდილიყო და სწრაფი ბურთი გვქონოდა, რადგან ამას მეტოქე ვერ უძლებდა და გადაწყობა უჭირდა.

რუსეთთან მატჩის წინ მთელი კვირა ფაქტობრივად მგზავრობაში გავატარეთ და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა დიდი შრომა გასწიეს მწვრთნელებმა, ვიდეო-ანალიტიკოსებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა და სამედიცინო ჯგუფმა. კალინინგრადიდან დაბრუნების შემდეგ, ბიჭები ორი კვირა დავასვენეთ, სამშაბათს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეს და ხვალ კი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს. იმისათვის, რომ ძალების სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს, დასვენება გვექნება პარასკევს, შაბათს კი უკვე კაპიტნის ვარჯიშია“.- აცხადებს ლევან მაისაშვილი.

2021 წლის რაგბი ევროპის  ჩემპიონატის მეოთხე მატჩი თბილისში, კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება და რაც მთავარია, მას გულშემატკივრებიც დაესწრებიან! კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე სტადიონზე ქომაგთა მხოლოდ 30% დაიშვება. შეგახსენებთ, რომ თამაშზე დასწრებად ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციების შესაბამის წესებს უნდა დავემორჩილოთ.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.