• ოთხ. აპრ 14th, 2021

ჯაბა ბრეგვაძე: ,,ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბის ნათელი მომავალი ექნება“

,,ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბის ნათელი მომავალი ექნება“- აცხადებს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძესთან შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრები კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე.

ტყემალაძესთან შეხვედრის შემდეგ ,,ბორჯღალოსანთა” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ კომენტარები გააკეთეს.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის დამშვიდებით ყველა კმაყოფილია, რადგან არასტაბილური ფონი თამაშის ხარისხზეც აისახებოდა. ის ასევე მოხარულია, რომ ნაკრებს გამგეობაში ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და რეგულარულ ხასიათს მიიღებს პირადი შეხვედრები:

„საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონმა სოსომ მოგვილოცა გამარჯვება და გვისურვა წარმატებები მომავალ შეხვედრაში.
ვისაუბრეთ ნაკრების სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ იქნება ფრენჩაიზი, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. ესაა ერთადერთი საშუალება, რათა მოხდეს როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური, ასევე გუნდური განვითარება, რადგან ნაკრებს ფიზიკურად ვერ ექნება ამ რაოდენობის მაღალი დონის თამაშები“ – განაცხადა შარიქაძემ და ერთიანობის ნიშნად, პრეზიდენტს ,,ბორჯღალოსნების” სათამაშო კვართი გადასცა.

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა ,,ბორჯღალოსანთა” გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე:

„იმედისმომცემი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბს ნათელი მომავალი ექნება“.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.