• კვი. აპრ 11th, 2021

„ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ”- იოსებ ტყემალაძე ,,ბორჯღალოსნებს” შეხვდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს, ,,ბორჯღალოსნებს” ,,შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეხვდა.

პრეზიდენტმა მორაგბეებს რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან შეხვედრაში წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.

ტყემალაძე  ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ.

ტყემალაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული კლუბების დაფინანსება და მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გუნდების ვერტიკალი. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა კლუბების მენეჯმენტის საკითხს და რაც ასევე მნშვნელოვანია, ქართული ფრანჩაიზის ჩამოყალიბებას.

„ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. პირველსავე გამგეობაზე დავაყენებ საკითხს, რომ მისი წარმომადგენელი იყოს გამგეობაში. გარდა ამისა, ნაკრების მიერ არჩეული პერიოდულობით, მოხდება შეხვედრა კაპიტანთან და სხვადასხვა საკითხებს პირადად გავივლით“ – უთხრა მორაგბეებს შეხვედრისას ტყემალაძემ და დასძინა:

„ეს ბიჭები საამაყონი არიან მთელი ქვეყნისთვის და უდიდესი მომავალი აქვთ. მათ ვესაუბრე სამომავლო გეგმებზე და აღვუთქვი თანადგომა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი გამგეობაში, რომელიც ნაკრების სათქმელს ჩვენამდე მოიტანს“.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.