• კვი. აპრ 11th, 2021

ცვლილებები მსოფლიო რეიტინგში: საქართველომ სარეიტინგო ქულები მოიხვეჭა, საფრანგეთი სამეულში დაბრუნდა

ერის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, რამაც “მსოფლიო რაგბის” რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია.

საფრანგეთის ნაკრებმა უელსის შინ დამარცხებით (32:30) 0.53 ქულა გამოიმუშავა და მესამე პოზიციაზე დაბრუნდა, რომელიც გასულ კვირას დაკარგა. თავის მხრივ, 0.53 სარეიტინგო ქულა დაკარგა უელსმა და მეხუთედან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა.

ინგლისის ნაკრები გასვლაზე ირლანდიასთან დამარცხდა (18:32) და 0.97 სარეიტინგო ქულა დაკარგა. შესაბამისად, მესამე პოზიცია საფრანგეთს დაუთმო. ირლანდიამ კი 0.97 ქულის გამომუშავებით უელსს გადაუსწრო და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუსეთის ძლევით (23:6) აქტივში 0.42 ქულა შეიმატა და 73.73 ქულა დააგროვა. “ბორჯღალოსნები” მე-12 პოზიციას იკავებენ.

რუმინეთმა შინ ესპანეთი დაამარცხა (22:16) და 0.85 ქულა მოიხვეჭა. შესაბამისად, მათ პოზიციები გაცვალეს – რუმინეთმა მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ესპანეთი მე-19 საფეხურზე დაქვეითდა. 0.42 სარეიტინგო ქულა დაკარგა რუსეთმა, თუმცა მეოცე ადგილი შეინარჩუნა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.