• კვი. აპრ 11th, 2021

საქართველომ ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშების პირველი ტური პორტუგალიასთან სტუმრად გამართა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრა კვლავ სტუმრად, მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარა.

 

“ბორჯღალოსნებმა” პირველი ტურის პირველი ტაიმი წააგეს და ვერც დღევანდელ შეხვედრაში შეძლეს პირველი ნახევრის მოგება. საწყის 40 წუთში ტაბლოზე ფრე, 10:10 დაფიქსირდა. მაისაშვილის შეგირდებმა უპირატესობის მოპოვება საწყის წუთებში შეძლეს. მათ მეტოქე დაალელოვეს და გარდასახვაც გამოიყენეს, თუმცა ესპანელებმა საპასუხო ლელოს დადება და გარდასახვის წარმატებით შესრულება მალევე მოახერხეს.

 

ამის შემდეგ, აბჟანდაძემ ჯარიმა გამოიყენა და საქართველო წინ გაიყვანა, თუმცა ტაიმის მიწურულს, ჯარიმა მასპინძლებმაც გაიტანეს და ფრე დააფიქსირეს. ორმხრივი შეცდომების ფონზე დასრულებული ტაიმის შემდეგ, წინ გასვლა ესპანეთმა ჯარიმის ხარჯზე მოახერხა, თუმცა ტაბუცაძემ მეტოქეს შესანიშნავი ლელოთი უპასუხა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

 

62-ე წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 18:13 გახადა. ესპანელები თამაშში დარჩნენ. მათ რამდენიმე წუთში ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და სხვაობა სამი ქულით შეამცირეს. საბედნიეროდ, “ბორჯღალოსნებმა” მესამე ლელოს დადება პირველივე შეტევით მოახერხეს. ბურთი ბრეგვაძემ დაამიწა და ამას თედოს ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა. მასპინძლებმა ამის შემდეგ მორიგი ჯარიმით აქტივში სამი ქულა ისევ ჩაიწერეს და ანგარიში 25:19 გახადეს!

 

ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ესპანეთი ლელოს დასადებად მაქსიმუმს აკეთებდა, თუმცა საქართველომ თავი კარგად დაიცვა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

 

მომდევნო დაპირისპირება ჩვენს გუნდს უკვე 20 მარტს, სტუმრად რუსეთთან ელის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.