• შაბ. აპრ 17th, 2021

სიმონ მაისურაძე: “ავად არის საქართველო და მკურნალობა სჭირდება”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა სიმონ მაისურაძემ რაგბის კავშირის არჩევნების შესახებ ისაუბრა. ვეტერანი მორაგბის თქმით, სოსო ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევისათვის სახელმწიფო უწყებები მუშაობდნენ.

“ჩვენ ამას არ შევეგუებით. სოსო ტყემელაძემ ორი დღის წინ თქვა, რომ 50 000 მორაგბე გვყავს. ბატონო სოსო, 50 000 არ არის, კოვიდ-პანდემიამდე იყო 16 000, ახლა ალბათ, 10 000-ზე ნაკლებია. მსოფლიო ჩემპიონობას რომ გეგმავთ, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდეთ, რამდენი მორაგბეა საქართველოში.

ეს ადამიანი, რომელიც უცხო სხეულია რაგბში, მოიყვანეს და დაგვისვეს. რა თქმა უნდა, მთავრობა არის ჩარეული. დაამუშვეს ჩვენი კლუბები შსს-ში, სუს-ში, აიღეს ხმები, 18 ხმა მოგვპარეს. გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკას, თუ დავაცლით. რა თქმა უნდა, არ დავაცლით. ვიბრძოლებთ სიმართლის აღდგენისთვის. მთელი სახელმწიფოა ჩართული ამაში, დიდი რანგის პოლიტიკოსები.

აქ არ ვცხოვრობდი დიდი ხანი, 15 წელი წასული ვიყავი. ტელევიზიით ვადევნებდი თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობდი – ალბათ, ეს ყველაფერი გაბერილია, პოლიტიკური თამაშებია. მაგრამ, ხალხო, დამიჯერეთ, რეალობაა ეს ყველაფერი. საკუთარი თვალით ვნახე, ჩვენ შევეჯახეთ. რეალობაა, რასაც ლაპარაკობენ. ძალიან ცუდ დღეშია საქართველო, ავად არის საქართველო და მკურნალობა სჭირდება.

ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებზე ძალიან ცუდად აისახება. ვიხილეთ ნაკრების თამაში, კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ეს ბიჭების ბრალი არ არის. ეს დაძაბულობის ბრალია და იმის, რომ ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილია, რომელიც ამ პოსტისათვის შეუფერებელია.

ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რადგან ჩვენ, სპორტსმენები მოედნიდან იძულებით გადმოგვიყვანეს ამ პოლიტიკურ ველზე, რაც საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. გვერჩივნა მოედანზე ვყოფილიყავით და ვარჯიშები ჩაგვეტარებინა, მაგრამ არ გვაცდიან და იძულებულები ვართ, ტელევიზიით უსამართლობაზე ვილაპარაკოთ და სიმართლისთვის ვიბრძოლოთ”, – განაცხადა მაისურაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.