დაიწყო საქართველოს თასის მე-17 გათამაშება, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირში  სუპერლიგის 11 და “ა” ლიგის 5 წარმომადგენელი ასპარეზობს, რომლებიც 23 დეკემბერს გამართული კენჭისყრით მერვედფინალში დაწყვილდნენ.

დებულების თანახმად, მერვედფინალები და მეოთხედფინალი 2-მატჩიანი სერიებით გაიმართება, ხოლო საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალს ითამაშებს და ნახევარფინალები და ფინალი თითო მოგებამდე იქნება. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში სამი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში დინამომ “ა” ლიგაში წლეულს გადმოსული სსპორტის უნივერსიტეტის გუნდი “სპორტუნი” 110:55 (სტატისტიკა) დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა. სერიის მე-2 მატჩში დინამოელებმა 55-ქულიან სხვაობაზე მეტით არ უნდა წააგონ, რაც ფანტასტიკის სფეროა.

მეორე წყვილშიც უმაღლესლიგელი “ა” ლიგის წარმომადგენელს შეხვდა. “ოლიმპმა” 101:62 დაამარცხა “ზესტაფონი”. ეს გახლავთ ის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში “აფხაზეთის” სახელით გამოდიოდა. ზესტაფონელებმა პირველი პერიოდი 16:14 მოუგეს სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, თუმცა შემდეგ ძალამ აღმართი ახნა. ოლიმპელებმა საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მეტოქე წელში მალევე გატეხეს. საბოლოოდ ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩის წინ 39-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 101:62 (სტატისტიკა).

თასის გათამაშების დღეს გამართულ ბოლო შეხვედრაში “ტიტებმა” თანასუპერლიგელი “ქუთაისი” საკმაოდ იოლად – 78:55 დაამარცხა, რითაც ფაქტობრივად თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნი, მეორე მატჩი ქუთაისში შედგება.

27 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის კიდევ 3 მატჩი გაიმართბა: მეგა ბასკეტი – ვერა, ცხუმ-აფხაზეთი – რუსთავი და მგზავრები – კაკტუსი.

სტატია მომზადებულია gbf.ge- მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ