საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გულშემატკივართა ნაწილი შენგელიას “ცსკა”-ში გადასვლას დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, ნაწილი კი 28 წლის კალათბურთელს აკრიტიკებს.

თანაგუნდელები, ისევე, როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, თორნიკე შენგელიას ამ ნაბიჯს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა ანალოგიური ემოცია არ გამოუწვევია საქართველოს პრეზიდენტისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ამ ტრანსფერს სოციალურ ქსელში პოსტიც მიუძღვნა.

რუსული სპორტული ვებ-გვერდი Sports.ru იხსენებს შენგელიას საუბარს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ საკითხზე თებერვალში ჯო არლაუსკასთან პოდკასტში ილაპარაკა.

“საქართველო, საიდანაც მე ვარ, ხშირად ერევათ ამერიკის შტატ ჯორჯიაში. როდესაც ვეუბნები, რომ საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, რუსეთთან მაკავშირებენ და თავიდან ვუხსნი, რომ საქართველო რუსეთი არ არის. საქართველომ ძალიან მძიმე პერიოდები გამოიარა. თუმცა ღვთისგან დალოცვილები ვართ და ძალიან პროდუქტიული მიწა გვაქვს. ახლახან გინესის რეკორდებიდან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ღვინო პირველად ჩვენთან გაკეთდა. საქართველო ღვინის ქვეყანაა. ბოლო დროს ქვეყანას ძალიან ბევრი ტურისტიც სტუმრობს.

ბავშვობაში ელექტროენერგიის გარეშე გვიწევდა ცხოვრება. ზუსტად, შეიძლება ასე აღიწეროს: მაგალითისთვის, დღეში ჩვენ სამეზობლოს ელექტროენერგია ორი საათით მიეწოდებოდა, რის შემდეგაც სხვა სამეზობლოს ჯერი დგებოდა. როდესაც მეზობელ რაიონში სინათლეს დავინახავდით, ვიცოდით, რომ ორ საათში ჩვენთანაც მოვიდოდა. ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ბავშვი ვიყავი და არ მახსოვს, რომ უბედური ვყოფილიყავი. ტელეფონების, კომპიუტერებისა და ელექტროენერგიის გარეშე ვიყავით და მხოლოდ ეზოში თამაშით ვირთობდით თავს. ბავშვობიდან მხოლოდ კარგი მოგონებები მაქვს.

როდესაც ომი დაიწყო, 16 წლის ვიყავი. ომი ხუთი დღე გაგრძელდა, თუმცა ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა. ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი, ეს ჩემთვის პირველი წელი იყო და გასვლითი მატჩები უნდა ჩაგვეტარებინა. გაფრენა ვერ შევძელით, იძულებულნი ვიყავით დავრჩენილიყავით.

ერთი სახლი ქალაქის შესასვლელში გვქონდა, მეორე – ცენტრში. ერთ-ერთი შოკისმომგვრელი მომენტი, რაც მაგონდება – მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვიყავი, როდესაც ძველებური, საბჭოთა კავშირის, მანქანა მოგვიახლოვდა, მანქანას ნატყვიარებები ეტყობოდა. კაცი გადმოვიდა, რომელსაც სახე სისხლიანი ჰქონდა და გვითხრა: “წადით ოჯახთან ერთად, ისინი ქალაქში შემოვლენ.” ეს ომის მესამე დღე იყო. სახლში გავიქეცი, სადაც დედა, მამა, და, ბიძაშვილები, ბიძა და ბიცოლა მელოდებოდნენ. ერთ მანქანაში ვერ ჩავეტეოდით, ამიტომაც ცენტრში მდებარე სახლში ახალგაზრდები და ქალები გავგზავნეთ, ჩვენ კი ფეხით წავედით.

გზაში ერთმა მანქანამ გაგვიჩერა და წაყვანა შემოგვთავაზა. როდესაც რაიონიდან თითქმის გასულები ვიყავით, ჩვეულებრივი მოქალაქეები შეგვხვდნენ, რომლებთაც გაეგოთ, რომ ისინი მოდიოდნენ. იარაღები შემოგვთავაზეს და გვთხოვეს, რომ მათთან ერთად დავრჩენილიყავით. მამაჩემმა და ბიძაჩემმა მათ უთხრეს, რომ ახალგაზრდა შვილები ელოდებოდნენ და ასე გაგვიშვეს.

ეროვნული გუნდი? ამის შემდეგ ოთხი გასვლითი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა. უცნაური გრძნობებს განვიცდიდი: მინდოდა ოჯახთან დავრჩენილიყავი, გვერდში ვყოლოდი მათ. თუმცა ამავდროულად ჩემი ქვეყნის წარდგენაც მსურდა. მახსოვს, რომ იმ პერიოდში საკუთარ თავზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მთელ დროს დედაჩემზე და ჩემ დაზე ფიქრში ვატარებდი, ჩემ თავზე ერთი წამითაც არ მიფიქრია,” – აცხადებს შენგელია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ