თორნიკე შენგელიამ და ბასკონიამ მოახერხეს ის, რაც სეზონის მიმდინარების დროსაც კი ვერავის წარმოედგინა – ესპანეთის ჩემპიონობა. თუ დაკვნით ფაზას არ ჩავთლით, ბასკთა ტიტული კორონავირუსამდე მართლაც წარმოუდგენელი ჩანდა – გუნდი ძალიან ცუდ ფორმაში იყო და ფლეი ოფშიც მოხვედრაც კი სათუოდ ჩანდა.
მსოფლიო პანდემიის გამო შეჩერებული ლიგა ენდესა ვალენსიაში გაგრძელდა, ახალი ფორმატით და ცარიელ დარბაზში ჩატარებულ ფინალურ მატჩში ბასკონიამ დაძაბულ ბრძოლაში ბარსელონა 69:67 დაამარცხა. შენგელიას გუნდი 10 წლის შემდეგ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სულ კი, ბასკონიელები მეოთხედ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები.
შენგელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო. ქართველის კაპიტნობით ვიტორიულმა კლუბმა აღმავლობით ჩაატარა ფინალური ეტაპი. ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ისიც ბარსელონასთან, ფინალში კი, კატალონიელებს რევანში აუღეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 33:11 წუთი დაჰყო, რა დროშიც ჩვენებურმა 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. შენგელიას სტატისტიკა მაინც და მაინც შთამბეჭდავი არ იყო (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), მაგრამ საკვანძო ეპიზოდებში გუნდს მნიშვნელოვნად წაეხმარა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი (11), გუნდში მესამე იყო.
შენგელიასთან ერთად ჩემპიონობა მოიგო ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმაც, რომელმაც 19:38 წუთში 8 ქულა მიითვალა (თითო მოხსნა და პასი).
ფინალის MVP ბასკონიას არგენტინელი ლეგიონერი ლუკა ვილდოსა გახდა (17 ქულა).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ