ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა 2020 წლის დრაფტის წინასწარი კანდიდატების 205-კაციანი სია, რომელთა შორისაც ქართველი კალათბურთელი, 20 წლის სანდრო მამუკელაშვილიცაა. სანამ ჩვენებურის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, დავაზუსტებთ, თუ რას ნიშნავს NBA-ს დრაფტზე წინასწარი კანდიდატების სია.

ეს გახლავთ ის კალათბურთელები, რომლებიც პერსპექტიულები არიან, ან უბრალოდ არ არიან ასეთები და NBA-ში მოხვედრის სურვილი აქვთ. წინასწარ კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ კალათბურთელს შეუძლია და მასში არ შედიან ის მოთამაშეები, რომლებიც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) ბოლო სეზონს თამაშობენ, ანუ „სენიორების“ სტატუსს ატარებენ.

მამუკელაშვილის სტატუსია „იუნიორი“ (Junior), რაც მესამე კურსის შესაბამისია. ანუ სანდრო მესამე წელია, სტუდენტურ ლიგაში თამაშობს და მას შესაძლებლობა აქვს, NCAA-ში კიდევ ერთი სეზონი (2020-2021) გაატაროს. წინასწარ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, დრაფტის გამართვამდე 10 დღით ადრე მოხსნან თავისი კანდიდატურა და ისინი კვლავ იმ გუნდში ითამაშებენ, სადაც მანამდე იყვნენ. თუკი ამას არ გააკეთებენ, დრაფტზე არც ერთმა გუნდმა რომ არ აირჩიოს, სტუდენტურ ლიგაში თამაში აღარ შეეძლებათ. აქვე დავაზუსტებთ, რომ ყველა ის კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში ბოლო სეზონს ატარებს, დრაფტის სიაში თავისთავად არიან, ოღონდ ზემოთაღნიშნულ 205-კაციან წინასწარ კანდიდატთა შორის არ ფიგურირებენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ