თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ბასკონიას ქართველმა ფორვარდმა მადრიდში დიდებულად ითამაშა და თავის გუნდს “ფუენლაბრადა” 98:82 (სტატისტიკა+ვიდეო) დაამარცხებინა. საქმე ისაა, რომ შენგელიას მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ეს გახლდათ 21 ტურის მატჩი და აქამდე ჩატარებულ არც ერთ შეხვედრაში მარგი ქმედების ასეთი მაღალი (44) ინდექსი არავის დაუფიქსირებია.

აქამდელი რეკორდი 43 გახლდათ და ის ბარსელონას ვარსკვლავმა – ნიკოლა მიროტიჩმა მე-4 ტურში დააფიქსირა, რითაც, რა თქმა უნდა, ტურის MVP გახდა. ალბათ არც იმას გაუვა წყალი, რომ შენგელია მიმდინარე ტურის (1 მარტს 5 მატჩია) საუკეთესო მოთამაშე გახდება. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში მიროტიჩის შემდეგ გიორგი შერმადინის შედეგი მოდის, რომელიც 42-ის ტოლია.

გამარჯვებულის ვინაობის გარკვევას ოვერტაიმი დასჭირდა. შენგელიამ 42 წუთი დაჰყო მოედანზე, რა დროშიც 32 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე 9-ჯერ მოხსნა, ხოლო 4-ჯერ მეტოქის ფარზე ითამაშა კარგად. ქართველი კალათბურთელი ულაპარაკოდ გახდა მატჩის MVP და უდიდესი ალბათობით, ტურის საუკეთესოდაც აღიარებენ.

13 მოგებითა და 8 წაგებით ბასკონია მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 8 მარტს, გიორგი შერმმადინის ტენერიფეს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ