• ორშ. აპრ 12th, 2021

საქართველოს ისტორიული გამარჯვება ბელგრადში – სერბეთი დამარცხებულია! 🇬🇪

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ბელგრადში სერბეთის ნაკრები დაამარცხა. ესეთი რამე კი ძალიან იშვიათად ხდება – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები, რომელმაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და რომელსაც იგორ კოკოშკოვის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, ბოლომდე სავსე ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში საქართველოსთან დამარცხდა. ჩვენმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის და მისი ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩის, გეორგიოს ლიმნიატისის, მანუჩარ მარკოიშვილისა და ანატოლი ბოისას სწორი მუშაობითა და შერჩეული ტაქტიკის წყალობით ევროპის საკალათბურთო მექად წოდებულ ბელგრადში საამაყო გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მოიგო 94:90, არადა მატჩის პირველი პერიოდის ბოლო წუთზე 14 ქულით (10:24) აგებდა. სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში ილიას ზუროსმა მოახერხა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია, მოთამაშეებმაც გაუმართლეს. საქართველოს ნაკრების სასტარტოში მწვრთნელმა დააყენა გიორგი ცინცაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი. ჩვენი გუნდის მწვრთნელებს სათადარიგოში არაერთი ახალგაზრდა ჰყავდა, რომლებმაც გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს. ამიტომაცაა გამარჯვება ერთიორად სასიხარულო, რომ სერბეთის დამარცხება შევძელით მომავალი თაობის წარმომაგდენელთა დიდი დახმარებით.


საწყისი ათწუთეულის 10 ქულით წაგების შემდეგ, მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში შემოატრიალა, რაშიც დიდი როლი ჩვენი გუნდის ნატურალიზებულ ამერიკელ წევრს, თად მაკფადენს მიუძვის. მოედანზე არ იყვნენ გამოცდილი სასტარტოები, გიორგი ტურძილაძეს, გიორგი კორსანტიას და რატი ანდრონიკაშვილს კი ჯერ არა აქვთ იმის გამოცდილება, ასეთი დონის მატჩში თამაში საკუთარ თავზე აიღონ და გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვნენ. ასეთ სიმაღლეზე მათ აქამდე არ უთამაშიათ, თუმცა დიდი მონდომებისა და ბრძოლის ხარჯზე სასტარტოების არყოფნაში ანგარიში კი არ შეინარჩუნეს, არამედ სხვაობაც შეამცირეს და მეორე ათწუთეულიდან თანაბარი თამაში გაჩაღდა. ანდრონიკაშვილი საკმაოდ თამამად იწევდა მეტოქის სამწამიანისკენ და ბურთსაც კარგად ათამაშებდა, ტურძელაძე და კორსანტია კი საკუთარ საქმეს ძალიან კარგად ასრულებდნენ – მოსახსნელ ბურთებს ხსნიდნენ და დაცვაშიც საიმედოდ იდგნენ. ტურძილაძემ 4 ქულაც ჩააგდო, რაც მეორე პერიოდში ჩვენი ნაკრებისთვის გვარიანი დახმარების ტოლფასი იყო.

მეორე პერიოდი ქართველებმა 23:20 მოიგეს და წარმატებუით თამაში დიდი შესვენების შემდეგაც გააგრძელეს. ფარქვეშ პოზიციები გაიმაგრეს გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ, რომლებმაც ტოლი არაფერში დაუდეს სერბ ცენტრ მიროსლავ რადულიცას. ბურჯანაძე პერიმეტრზეც იწევდა და თავისი მეურვის გარიდებით შერმადინს საბრძოლო არეალს უთავისუფლებდა. პერიმეტრზე იყვნენ გამაგრებულნი დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჰაერივით საჭირო სამქულიანები ჩააგდეს.

ქართველებმა ანგარიში მესამე პერიოდის ბოლო წუთზე – ანდრონიკაშვილის 2 ზუსტი საჯარიმოს წყალობით გაათანაბრეს (65:65), რის შემდეგაც წავიდა თანაბარი თამაში. უმეტესად სერბები ლიდერობდნენ, თუმცა ქართველებს საკუთარი თამაში ნაპოვნი ჰქონდათ და ბოლო წუთებამდე მისდევდნენ მრისხამე მეტოქეს. მატჩის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე ოგნიენ იერემაცის სამქულიანითა და ალეკსა ავრამოვიჩის ეფექტური გდებით სერბეთი 5 ქულით – 86:81 დაწინაურდა, მაგრამ ამან ვერ გატეხა ბოლომდე მებრძოლი საქართველოს ნაკრები.

ერთ წუთში, რამდენიმე წარუმატებელი ორმხრივი შეტევის შემდეგ, დუდა სანაძემ სამქულიანი მიითვალა, რასაც ქართველების მწყობრი დაცვითი თამაში, მიხეილ ბერიშვილის ჰაერივით საჭირო სამქულიანი და საფინალო სირენამდე წუთით ადრე შერმადინის დამაწინაურებელი ბურთი მოჰყვა – 89:88 საქართველოს სასარგებლოდ. მიროსლავ რადულიცა სერბეთს კვლავ, მაგრამ საბოლოოდ აწინაურებს, რასაც მაკფადენი დასრულებამდე 35 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით პასუხობს – 92:90.

საკვანძო მომენტიც აქ გათამაშდა. სერბების გადამწყვეტი შეტევა ჩვენების კარგი დაცვის გამო დაგეგმილად ვერ წარიმართა და ბურთის სროლა რიგით რადე ზაგორაცს მოუწია. ბურთი მიზანს ასცდა, ისევე როგორც ნოვიცა ველიჩკოვიჩის დამატებული, რომელსაც დუდა სანაძე გადაეღობა და ბურთი მაკფადენს მიუვიდა. სერბები საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ჩვენს ნატურალიზებულ მოთამაშეზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ზუსტი სროლებით საქართველო მიუწვდომელი გახადა – 94:90. შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა და ქართველი კალათბურთელებისა და გუნდის ყველა წარმომადგენლის დიდი სიხარულის ჯერიც დადგა.

საქართველოს ნაკრებში 31 ქულითა და 7 პასით თად მაკფადენი გამოირჩა. 23 ქულა და 11 მოხსნა გიორგი შერმადინმა მიითვალა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. 8 ქულა რატი ანდრონიკაშვილის, ხოლო 7 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დუდა სანაძის ანგარიშზეა. 6 ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, ხოლო 4 ქულა დებიუტანტმა გიორგი ტურძილაძემ მიითვალა. ტრავმის შემდეგ ფორმაში არმყოფმა გიორგი ცინცაძემ არასრული 5 წუთი ითამაშა და საქართველოს პირველი 2 ქულა მიუთვალა. მოედანზე გამოვიდნენ მერაბ ბოქოლიშვილი და გიორგი კორსანტია, რომლებმაც 11-11 წუთი ითამაშეს და გამარჯვებაში საკუთარი წილიც დაიდეს.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში 2-დან 2 მოგებით გალიდერდა. ჩვენს შემდეგ მოდიან სერბეთი და ფინეთი, შვეიცარია კი 2 წაგებით მეოთხეზეა. სკანდინავიელებმა დღეს შვეიცარიაში დაძაბულ ბრძოლაში – 69:64 (სტატისტიკა) მოიგეს.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციოში ნოემბრამდე შესვენებაა. 27 ნოემბერს ჩვენი ნაკრები ფინეთში ითამაშებს, 3 დღეში კი შვეიცარიასაც სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.