• ორშ. მაი 10th, 2021

სტეფ კარი 53 ქულით გოლდენ სტეიტის ისტორიაში საუკეთესო გახდა

სტეფ კარი 53 ქულით გოლდენ სტეიტის ისტორიაში საუკეთესო გახდა
დენვერთან გამარჯვება პირადად მისი დამსახურებაა
53 ქულა, 10 სამქულიანი, შთამბეჭდავი გამარჯვება დენვერთან – ეს სტეფ კარის დღე იყო, რომელმაც ამ ყველაფერთან ერთად, უორიორსის რეკორდიც დაამყარა. 33 წლის სტეფმა ამ პერფორმანსით უილტ ჩემბერლენს გადაასწრო და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საამისოდ მას მატჩის წინ 19 ქულა აკლდა და პირველივე მეოთხედში 21 ქულის ჩაგდება მოახერხა. მისი შეჩერება რეკორდის დასაკუთრების შემდეგაც ვეღარავინ შეძლო.

დიდ შესვენებაზე კარი 30 ქულით გავიდა, მესამე პერიოდში კი დამატებით 18 ქულა ჩააგდო. ამ მეოთხედში სტეფი 4 სამქულიანით დაეხმარა თანაგუნდელებს და გოლდენ სტეიტს 16-ქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა (ყველაზე მაღალი მატჩში). ბოლო მეოთხედში დენვერმა თამაშში დაბრუნდება სცადა, მაგრამ მატჩი ვეღარ გადაარჩინა.

კარიმ თამაში საბოლოოდ 53 ქულით დაასრულა (14/24, 10/18 სამქულიანი, 15/16 ჯარიმა), პლუს 7 მოხსნა და 4 პასი. დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 18 ქულაა (7/8, 7 მოხსნა, 7 პასი), ენდრიუ უიგინსმა კი 17 ქულა დააგროვა. საერთო ჯამში, გოლდენ სტეიტმა 44-დან 18 სამიანი ჩააგდო (40,9 %). ისე გამოვიდა, რომ მასპინძლებს ბოლოს დენვერელებზე 10-ით მეტი სამქულიანით ჰქონდათ ჩაგდებული.

სტუმართა მხრიდან საუკეთესოები ნიკოლა იოკიჩი (27 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი) და მაიკლ პორტერი (24) იყვნენ. თამაშში დაბრუნების მცდელობისას ნაგეთსმა სხვაობა -7 ქულამდე შეამცირა, თუმცა საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე ჯამალ მარი დაკარგა, რომელმაც ტრავმა მიიღო. ტრავმის სიმძიმეზე დასკვნას დღეს MRT-გამოკვლევა დადებს.

გოლდენ სტეიტისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ. უორიორსს 54 მატჩის შემდეგ 26 გამარჯვება და 28 მარცხი აქვს – სტეფ კარის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. დენვერი 34 მოგებითა და 20 წაგებით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.