გორის “დილა” მიმდინარე სეზონში წარმატებულად ასპარეზობს. გუნდშ გიორგი ნემსაძის მისვლის შემდეგ არაერთ ახალი სახე გამოჩნდა. თუმცა აღსანიშნავია დავით მაისაშვილის დამატება, რომელიც სწრაფად იქცა გუნდის კაპიტნად, რაც თავისთავად გუნდში მის როლზე მეტველებს. ჩვენ გორელთა მცველს დავუკავშირდით და მას რამდენიმე კითხვა დავუსვით:

რას იტყვი განვლილი შეხვედრის შესახებ? “თელავთან” საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, თუმცა გოლების გარეშე.

თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდის მომენტები მრავლად ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ჩვენ სახლში ვთამაშობდით და მიზანი 3 ქულის მოპოვება იო, თუმცა მეტოქედ ძალიან უხერხული და ტექნიკური გუნდი გვყავდა. შედეგით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ, თუმცა მომდევნო ტურებში ვეცდებით 1 ქულით აღარ დავკმაყოფილდეთ და მოედანი მხოლოდ გამარჯვებულებმა დავტოვოთ.

“დილა” საკმაოდ კარგ და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. რა არის ამ წარმატებული გამოსვლის მთავარი მიზეზი?

მთელი გუნდი ერთ მუშტად ვართ შეკრულები და ვფიქრობ ეს არის წარმატების მთავარი მიზეზი. გუნდში იდეალური ატმოსფეროა, რაშიც განსაკუთრებული როლი ჩვენს მთავარ მწვრთნელს მიუძღვის. გუნდში ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია, მაგრამ იმდენად შეკრულები ვართ რომ გვგონია ერთად წლებია ვთამაშობთ. გუნდში ძალიან მაღალ დონეზე დგას სათამაშო დისციპლინა და ურთიერთპატივისცემა, რის გარეშეც წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

როგორ შეაფასებდი შენს სათამაშო ფორმას? ფაქტია გუნდში განსაკუთრეუბლი როლი გაქვს, რაზეც თუნდაც გუნდის კაპიტნის სტატუსიც მეტყველებს.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გორის “დილას” კაპიტნობა. ეს ყველაფერი ორმაგ პასუხისმგებლობას მოითხოვს როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. მეც ჩემის მხრივ ვცდილობ სამაგალითოდ მოვიქცე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეჰფერის. პასუხისმგებლობასთან ერთად სასიამოვნოა ამ გუნდის კაპიტნობა. გუნდში თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერეად ვგრძნობ, რადგან გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები.

ბოლოს შევაფასოთ ჩვენი ნაკრების გამოსვლა. რას იტყვი საქართველოს ნაკრების უკანასკნელ ორ თამაშზე?

ჩემი აზრით ნაკრების ბოლო ორი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს. მართალია ათკაციან მაკედონიასთან ქულები დავკარგეთ, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ გვაძლევს. მისასალმებელია რომ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა და ახალი სახე გამოჩნდა და აქტიურად მიმდინარეობს თაობათა ცვლის პროცესი. უკვე საქართველოს ნაკრების თამაშის ხილვა სიამოვნებას გვანიჭებს და ვფიქრობ ბელარუსის ნაკრებს მოვუგებთ, იმის მიუხედავად რომ თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართება, ჩვენ შეგვწევს ძალა მათ უოლად გავუმკლავდეთ.

გორის “დილა” ეროვნულ ლიგაში 20 ქულით მეოთხე ადგილზე იმოფება და ლიდერ “დინამო თბილისს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს გორელები საქართველოს თასის ეგიდით “სპაერთან” გამართავენ, ჩემპიონატში კი ისინი 3 ქოტომბერს “სამტრედიას” ესტუმრებიან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ