გორის “დილა” მიმდინარე ჩემპიონატში ბევრისთვის მოულოდნელად ძალზედ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ამის მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა გუნდის თავკაცი გიორგი ნემსაძეა, მაგრამ გუნდში არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებიც. ერთ-ერთი მათგანი 21 წლის თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილია. გორელთა შემტევმა ამ სეზონში თავი 5-ჯერ გამოიჩინა და რაც მთავარია ყველა შემთხვევაში გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა. ჩვენ სპანდერაშვილს გორში დავუკავშირდით და საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:

რას იტყვი მიმდინარე სეზონის შესახებ?

პანდემიის გამო შეცვლილმა ფორმატმა გავლენა იქონია მატჩების მნიშვნელობაზე, ახლა ყველა თამაში ფინალივითაა და სეზონიც ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს, რაც ორმაგად უფრო სასიამოვნოა.

რა იყო გუნდის მიზანი სეზონის დაწყებამდე და რა არის ახლა?

გუნდის მიზანი სეზონის წინ საკმაოდ კონკრეტული და რეალური იყო. “დილას” ევროტურნირებისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა განვლილი პერიოდის განმავლობაში ნაჩვენებმა შედეგებმა, გუნდის და პერსონალის განწყობამ თამასა მაღლა ასწია. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობა და ჩვენი ერთგული ფანების გახარებაა.

“დილა” საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობს. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

გუნდის თამაშის ხარისხის და კარგი შედეგების მთავარი მიზეზი დისციპლინაა, თითოეული ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად შეასრულოს მწვრთნელის მითითებები.

შენ უკვე მოახერხე რამდენიმე მატჩში თავის გამოჩენა და რაც მთავარია ყველა გოლს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას ამ სეზონში?

ეს სეზონი ჯერ-ჯერობით ჩემს კარიერაში საუკეთესოა, თუმცა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ, წინ დიდი მიზნები გვაქვს. ვეცდები “დილას” წარმატებაში მეც ჩემი წვლილი შევიტანო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

როდემდე გაქვს “დილასთან” კონტრაქტი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

“დილასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ჩემს სამომავლო გეგმებზე სეზონის შემდეგ დავფიქრდები, ახლა მიზანი ერთადერთია და მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ