ჩემს შვილს საერთოდ არ უნახავს გიორგი შაქარაშვილი, არც იცის, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც დაიკარგა. თავიდან ეგონათ, რომ ეს იყო ამირხანაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს თბილისამდე ავტომანქანით და იფიქრეს, რომ სახლამდე არ მივიდა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ, ეკა წულუკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილი მოკლა მან, ვინც გააყალბა საქმე თავიდან ბოლომდე და “ბავშვის მკვლელებს” ხელს აფარებს.

“იძულებული ვართ, ოჯახი ჩავერთოთ და ვაწარმოოთ გამოძიება, რასაც არ აკეთებს თვითონ პროკურატურა. შაქარაშვილი მოკლა მან, ვინც გააყალბა საქმე თავიდან ბოლომდე, ვინც ხელს აფარებს ბავშვის მკვლელებს. მას ჩემთვის ერთი სახელი და გვარი აქვს – ეს არის მირიან ნიკოლაძე, ჰკითხეთ საიდან დაიწყო საქმის გაყალბება, რა პოლიტიკურ ქულებს იწერს ამისთვის, ვის ატყუებს და რატომ ატყუებს. გამოძიება არ მიმდინარეობს, არავის არ აინტერესებს რა მოხდა. ნიკა სტუმრად იყო ბებიასთან გადასული და თავის ძველ მეგობრებთან ერთად იყო ეზოში ჩასული. რამდენი ადამიანი ეტყვით გაჭირვებულ ადამიანს დახმარებაზე უარს? სად არის მეგობრობა ან თანაგრძნობა? ვინც იჯდა მანქანაში არჩილ გაგნიძე და მახარაძე, მათ იცნობდა, სწორედ იმიტომ წავიდა, რომ დაპირისპირებას რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლოდა. ნიკას საერთოდ არც უნახავს გიორგი შაქარაშვილი, არც იცის, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც დაიკარგა. თავიდან ეგონათ, რომ იყო ამირხანაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს თბილისამდე ავტომანქანით და იქნებ სახლამდე არ მივიდა. იკვეთება ინტერესი, რომ ნამდვილი მკვლელი არ დასახელდეს, ნამდვილი მკვლელი არის ის, ვინც ფარცხავს ამ საქმეს,” – განაცხადა ეკა წულუკიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ