ქალთა საფეხბურთო კლუბ ”მართვეს” 19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე, 25 ივლისს, მძიმე სენით გარდაიცვალა. გასულ წელს, 18 წლის ასაკში ნიჭიერ მოთამაშეს „იუნგის სარკომა“ დაუდგინდა.

 

მას რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა. მისი მკურნალობის ხარჯები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემაც გაიღო. სამწუხაროდ, ნინო გურგენიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

გოგონას დედა – მაკა გურგენიძე, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში, ჰყვება, რომ მის ქალიშვილს ბევრი ოცნება, მიზანი და საქმე, განუხორციელებელი დარჩა.

 

– როგორ და რა ვითარებაში იგრძნო ნინომ პირველი სიმპტომები?

 

გასულ წელს, მოულოდნელად, მუცლის არეში დაეწყო ტკივილები. ბრმა ნაწლავის პრობლემა გვეგონა და ტყიბულის საავადმყოფოს მივმართეთ. კლინიკაში ჩათვალეს, რომ ბრმა ნაწლავის ანთებითი პროცესი იყო და 10 დღიანი მკურნალობა დაუნიშნეს და გვითხრეს, ექოზე ჩადით ქუთაისშიო.

 

ამ პერიოდში, მუცლის არეში სიმაგრემ მოიმატა. ქუთაისში გვითხრეს, თბილისში ონკოლოგიურში წადითო, სადაც გვითხრეს, რომ სიმსივნეა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებით, ვერ გეუბნებითო.

 

– მოულოდნელ და საშინელ დიაგნოზს, როგორ შეხვდა თქვენი შვილი?

 

არანაირი შიში, ბოლო წუთამდე შიში არ ჰქონია. ბოლო წუთამდე იბრძოდა. ასეთი ძლიერი თუ იყო, არ ვიცოდი. ბოლომდე მხნედ და იმედიანად იყო. მე საშინელ დღეში ჩავვარდი, მაგრამ მამხნევებდა ყოველთვის..

 

 

ნუ გეშინია დედა, არაფერი დამემართება, მე კარგად ვიქნები და შენ, ამ ნერვიულობიდან გამომდინარე, ცუდად გახდები, უშენოდ რა მეშველებაო.

 

– რა გზებს მიმართეთ. როგორ მკურნალობდა ნინო? 

 

კლინიკიდან კლინიკაში დავდიოდით, ვამოწმებდით დიაგნოზს, უმძიმესი პერიოდი გავიარეთ. არ გვჯეროდა ამ დიაგნოზის, ბოლო იმედებს ვეჭიდებოდით. შემდეგ „ჯოენის“კლინიკაში მოვხვდით, თრომბიც ჰქონდა ფილტვებში. სიმსივნე, რბილ ქსოვილებზე ჰქონდა, მუცლის ზედა კედელზე იყო აკრული და მერე გავრცელდა მთლიან მუცელში, ასევე მუცლის საპირისპირო მხარესაც.

 

 

– ალბათ, საზღვარგარეთ წასვლაც სცადეთ? 

 

თბილისში დიაგნოზის დასმიდან ერთ თვეში, თურქეთში გავფრინდით. იქაც, იგივე დიაგნოზი დასვეს და დაიწყეს ქიმიოთერაპია. პირველ ეტაპზე ოთხი ქიმიოთერაპია ჩაუტარდა, სამი თბილისში გავუკეთეთ. ამის შემდეგ კვლავ გავფრინდით თურქეთში, სადაც საუკეთესო შედეგი ჰქონდა. იმავე მეთოდით კიდევ ექვსი ქიმიოთერაპია ჩანიშნეს, მაგრამ … მზად იყო ბრძოლისთვის, მაგრამ დავმარცხდით.

 

18 წლის ფეხბურტელი გოგონას გადასარჩენად, უამრავი ადამიანი იბრძოდა, მათ შორის კოლეგებც. „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, ნინო გურგენიძის მკურნალობის ხარჯები გადაიხადა.

ნინო ქუთაისის ქალთა კლუბ „მართვეში“ თამაშობდა. იგი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, იყო აზერბაიჯანის 17 და 19 წლამდე ნაკრების წევრი. კლუბის წევრის, პაატა დოგრაშვილის თქმით, როგორც ფეხბურთელი, უნივერსალი იყო და ყველა პოზიციაზე თამაშობდა:

 

– „ნინო უნივერსალი იყო, ყველგან, ყველა პოზიციაზე თამაშობდა. იქ იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ჩვენი გუნდისთვის“-  ამბობს კლუბის მწვრთნელი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ