• პარ. აგვ 6th, 2021

მარიამ კალანდაძე”ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ  “ლანჩხუთის” ცენტრალურ მცველს, მარიამ კალანდაძეს, მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მოგვაწოდა.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში? ჩემთვის ფეხბურთი უბრალო გატაცება არ არის , ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ფეხბურთის გამო ბევრ რამეზე უარის თქმაც მომიწია, როცა არჩევანი დგება ფეხბურთსა და სხვა რამეს შორის ხშირ შემთხვევაში ფეხბურთს ვირჩევ ხოლმე. 14 წლის ვიყავი პირველად დიდ მოედანზე რომ ვითამაშე.

რომ არა ფეხბურთი, რომელიმე სხვა სპორტული კუთხით თუ წახვიდოდით?ფეხბურთამდე ცეკვით ვიყავი დაკავებული და დიდი ალბათობით გავყვებოდი ამ სფეროს.

შეაფასეთ გასული სეზონი?გასული სეზონი ცოტა გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის. პანდემიის გამო მხოლოდ ერთ წრედ ჩატარდა და თითოეული თამაში და თითოეული ქულა წყვეტდა ყველაფერს, ვფიქრობ მეორე წრე რომ ყოფილიყო იმ შედეგით არ დავასრულებდით ჩემპიონატს.

პირადად თქვენი სამომავლო გეგმები რა არის ფეხბურთთან დაკავშირებით? ძალიან დიდი სურვილი მაქვს საზღვარგარეთ კარგ კლუბში ვითამაშო და ჩემს ნაკრებს გამოვადგე როგორც კარგი ფეხბურთელი.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ?ცენტრალური მცველი ვარ უკვე ოთხი წელია, მითამაშია მარჯვენა მცველი, მარცხენაც და ჩამშლელადაც ვთამაშობდი.

წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?წლევანდელი სეზონი, ვფიქრობ გაცილებით საინტერესოა, რადგან უკვე ქალთა ორი ლიგაა საქართველოში, უფრო დაძაბული და საპასუხისმგებლო იქნება ყველა თამაში… ჩვენი გუნდი მხოლოდ მაქსიმუმზე ფიქრობს, რადგან ეხლა უკვე ასმაგად მოგვეთხოვება კარგი შედეგი.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ?ნელ-ნელა უფრო მეტი ინტერესი და ყურადღებაა რაც ძალიან კარგია, ერთიანად არაფერი ხდება… ეტაპობრივად უფრო მეტი ინტერესით პიარით და გაშუქებით უფრო დამაინტერესებელი გახდება, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია კარგი შედეგები, რადგან ძირითადად ინტერესს მხოლოდ ამ დროს გამოხატავენ.

როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს?ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია! სულ ამას ვამბობ მე მყავს ორი ოჯახი, ერთი ჩოხატაურშია, მეორე-ლანჩხუთში. ძალიან კარგი განწყობაა და ამ განწყობას თუ წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ მაქსიმუმს მარტივად მივაღწევთ.

რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს?გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი გულშემატკივარი გვყავს და ეს რამდენადაც სასიხარულოა იმდენადვე საპასუხისმგებლოა, თითოეული მათგანი სტიმულს გვაძლევს და მონდომებას გვმატებს, თამაშის წინ გასახდელში ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის ახსენებს გულშემატკივარს… ვეცდებით რომ იმედები გავუმართლოთ და ბევრჯერ გავახაროთ მათი გულები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.