• კვი. აპრ 11th, 2021

ექსკლუზიური ინტერვიუ ავთანდილ ხურციძესთან “მივმართავ ჩემს ქუთაისს და ქუთაისელებს, მე ქუთაისელი ვარ, ქუთაისობას დაბადებული.”

marca.ge – სისტემატურად ადევნებს თვალს სახელოვანი ქართველი მებრძოლის ავთანდილ ხურციძის მდგომარეობას, რომელიც იმყოფება პატიმრობაში საზღვარგარეთ. ჩვენ მას ამჯერად პირადად დავუკავშირდით. გთავაზობთ ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად ,,ჩაქუჩასთან” ინტერვიუს. მადლობას ვუხდით მას. ვუსურვებთ მალე გათავისუფლებას და დიდ გამარჯვებას!

 

-რა პირობებში ხართ ციხეში, ხომ არ ირღვევა თქვენი უფლებები?

-არა არ ირღვევა, მეგობრულ გარემოში ვარ.ზედამხედველებთანაც ადამიანური ურთიერთობა მაქვს, თავაზიანად ვესალმებით ერთმანეთს. დერეფანში მაქვს 5 საათიანი ვარჯიშის უფლება, სადაც კამერების საშუალებით მაკვირდებიან. ძირიათადად ისე იქცევიან ვითომ ვერ მამჩნევენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ამერიკის მთავრობას არაფერი გამოეპარება.

 

-ვისთან ერთად იმყოფებით ციხეში?

-კამერაში პატიოსან, მშრომელ ხალხთან ერთად ვარ. დღის განმავლობაში სამზარეულოში მუშაობენ, მე კი ღია ფანჯრებში, მზის სხივებით ვმშვიდდები.

 

-როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

-სრულიად ჯანმრთელი გახლავართ, ღვთის წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

 

-რამდენად დაკავებული ხართ სპორტით?

-კვირაში 6 დღე, 5 საათი ვვარჯიშობ.ერთი დღე კი ფიზიკურად ვემზადები 12 რაუნდიანი ბრძოლისათვის , საკუთარ ჩრდილთან.

 

-რას ეტყოდით ქართველ ხალხს, თქვენს გულშემატკივარს?

-მე ველოდები, რომ ჩემი გულშემატკივარი, ქართველი ხალხი ლიმუზინებითა და ტელევიზიებით დამხვდება.

 

-როდის ელოდებით გათავისუფლებას და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

-გათავისუფლებას მაისში ველოდები. სამი კვირის წინ ჩემს მწვრთნელს ვესაუბრე ჩემი მდგომარეობის შესახებ. გაუხარდა, რომ მალე გამათავისუფლებენ, სამომომავლო გეგმებიც დავსახეთ. ამ წელს ტიტულოვან ბრძოლამდე, კიდევ 2-3 ბრძოლას ჩავატარებ. ჩემი ციხიდან გამოსვლის წინ უნდა შევეხმიანო, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება დაიწყოს. მკითხა მზად ვიყავი თუ არა და მითხრა, რომ ძალიან მოენატრა ჩემი ბრძოლის ყურება, ერთი სული აქვს კიდევ მნახოს ბრძოლისას. ბოლოს აქვე მივმართავ ჩემს ქუთაისს და ქუთაისელებს, მე ქუთაისელი ვარ, ქუთაისობას დაბადებული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.