• კვი. აპრ 11th, 2021

ლადო დვალიშვილი”ინფორმაცია რომელიც ანანიძის შესახებ გავრცელდა არასწორია”

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველთან გუნდს კონტრაქტი არ გაუფორმებია.

„ფაქტია, რომ ჯანო ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჩვენთან ფორმის აღსადგენად ემზადება, გვითხრა, რომ სურდა ვარჯიში, მაგრამ გუნდში არ ჩარიცხულა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლადო დვალშვილმა.

ჯანო ანანიძემ 2020 წელს ფამაგუსტას „ანორთოსისი“ დატოვა და ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხა. მაგრამ გუნდი ისე დატოვა, რომ მისი ფორმით თამაში ვერ ჩაატარა – მიზეზი ტრავმით გამოწვეული მდგომარეობა იყო, რეაბილიტაცია დროულად ვერ მოასწრო და ჩათვალა, რომ ასე გუნდში ყოფნა არასწორი იყო.

რუსულ მედიაში იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე იანვარში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო და მოსკოვის „სპარტაკთან“ ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ მოსკოვურ კლუბში ჩარიცხვაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში პირველად 2009 წლის 27 ივლისს გუნდის არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა გამოიძახა. ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა, თუმცა ჯანომ არჩევანი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. 2009 წლის სექტემბერში, იტალიის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს, 5 სექტემბერს, ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.