სოსო ფრუიძე „ლოკომოტივის“ მწვრთნელი აღარ არის. გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც წლების მანძილზე საჩხერის “ჩიხურას“ ავარჯიშებდა, გუნდიდან მიმდინარე სეზონის დასაწყისში წამოვიდა, თუმცა უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და რკინიგზელთა თავკაცად დაინიშნა.

სოსო ფრუიძემ, „ლოკომოტივი“ 30 მარტს ჩაიბარა. შეგახსენებთ, იმ დროისთვის, ეროვნული ლიგის გათამაშება პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო. განახლებიდან მალევე კი ახლადდანიშნულ მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს.

როგორც „ლოკომიტივის“ ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, მხარეებმა საქმიანი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს, არადა სოსო ფრუიძემ გუნდის მოედანზე გაყვანა მხოლოდ ორჯერ მოასწრო. „ლოკომოტივმა“ „მერანთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო „დინამოსთან“ 0:4 დამარცხდა.

როგორც ჩანს, „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებმა ფრუიძეს „დინამოსთან“ დიდი ანგარიშით წაგება არ აპატია. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს „ლოკომოტივს“, რომელიც 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მესამე ადგილზეა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ