აპრილი 16, 2024

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს. უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

55 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრები 2016 წლის მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ისტორიაში პირველად მოახერხეს შესარჩევი ეტაპის მოგება – 2018 წელს გუნდმა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც წელს 26 მარტს ბელარუსთან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომისთვის გადაიდო.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან პირველი კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრამდე გააფორმა, 2017 წლის ნოემბერში ხელშეკრულება გაახანგრძლივა და ერთ ლიგის პირველი ციკლის ბოლომდე უნდა ემუშავა, ანუ 2020 წლის მარტამდე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკ სპეციალისტს არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებთან მუშაობას აგრძელებდა, რადგან „ჯვაროსნებთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის მარტის ჩათვლით აკავშირებდა. იყო მოლაპარაკება და ვაისი დატოვების მცდელობაც, რაც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *