• სექტემბერი 16, 2021 9:27 pm

ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური ნაკრები

გუშინ დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები. ტური ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ვიხილეთ ძალიან კარგი მატჩი “ლოკომოტივისა” და “სამგრუალის” მონაწილეობთი, ბევრი ყვითელი ბარათი, გაძევებული ფეხბურთელი და რამდენიმე თერთმეტმეტრიანიც.

Marca.ge-მ გამოავლინა ეროვნული ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული, რომელსაც თავისი დახასიათებით ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ტაქტიკური სქემა  – 3-5-2

 

მეკარე: გიორგი ჩოჩიშვილი  (თელავი)

მიუხედავად იმისა, რომ “თელავი” გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან “დინამო ბათუმთან” 2-1 დამარცხდა, თელაველთა ახალგაზრდა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბევრს ალბათ გაუკვირდება თუ რატომ შევიყვანეთ სიმბოლურ გუნდში დამარცხებული გუნდის მეკარე, რომლემაც ორი ბურთი გაუშვა, თუმცა ამაზე არგუმენტები მრავლად არსებობს: ჯერ ერთი ის რომ ჩოჩიშვილი მთელი თამაში გამორჩეული ფიგურა გახლდათ და რომ არა მისი რამდენიმე სეივი მისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა. ამას ემატება ისიც, რომ გიორგი ბოლო ტურებში განსაკუთრებული დამაჯერებლობით გამორიჩევა დ ასწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ახალგაზრდა მეკარის გამორჩევა. ფაქტია, პრაღის “სლავიას” ყოფილი მეკარე ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შედის და დარწმუენბულები ვართ ის ჩვენს მიერ გაცემულ ავანსებს გაამართლებს და კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ მატჩს შემოგვთავაზებს.

ცენტრალური მცველი: ლუკა ასათიანი ( სამგურალი )

“სამგურალმა” ძალიან დაძაბულ და დრამატულ მატჩში “ლოკომოტივს” 3-2 მოუგო. იმერლებმა ეს შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. ასათიანი ზოგადად ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია თავისი სათამაშო სტილით, გაბარიტებითა და თუნდაც გამოცდილებით. რომ არა ტრავმა ლუკა დღეს სხვა სიმაღლეზე იქნება, მაგრამ სოსიაშვილი მას ენდობა და ახალგაზრდა მცველიც უმართლებს. ლუკა ჩვუელად სტაბილურად გამოიყურებოდა და მას მწვრთნელის 3-მცველიან ტაქტიკაში დიდი როლი და მისია აკისრია.

ცენტრალური მცველი: გურამ კაშია ( ლოკომოტივი )

მართალია თბილისური გუნდი ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ნამდვილად გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის თამაშ და სათამაშო ფორმა. გურამმა ჩვენს ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა და რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს ბომბარდირთა დავაშია ჩართული. გურამის გამოცდილება ლოკოს აუცილებლად გამოადგება და გვჯერა ეს მისი ბოლო გოლი არაა მიმდინარე სეზონში

ცენტრალური მცველი: რომარიკ ეტოუ ( დილა )

ათკაციანი გორის “დილა” შინ “საბურთალოსთან” 2-1 დამარცხდა. გორელები ბოლო წუთზე საკამათო თერთმეტმეტრიანის შემდეგ დამარცხდნენ და უქულოდ დარჩნენ. ეტოუ მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურად გამოიყურებოდა. აფრიკელ ლეგიონერს ტექნიკაც არ დაეწუნება და შეიძლება ითქვას რომ ის ერთ-ერთ გამორჩეული მცველია ჩვენს ლიგაში.

მარჯვენა ვინგერი: იური ტაბატაძე ( საბურთალო )

ტაბატაძემ “დილასთან” დრამატულ და დაძაბულ მატჩში მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ლამაზი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა მეტოქეს და ზოგადად გასულ შეხვედრაში გამორჩეული და აქტიური იყო. რომ არა მისი ყვითელი ბარათი, ალბათ შეხვედრას ბოლომდე ჩაამთავრებდა, თუმცა მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე გუნდის მწვრთნელმა ის მეორე ტაიმში შეცვალა.

მარცხენა ვინგერი: დავით კობოური ( თბ.დინამო )

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. თბილისელებმა ამჯერად ქობულეთის “შუქურა” დამაჯერებლად 2-0 დაამარცხეს. კობოური, რომელიც ნომინალურად ცენტრალური მცველია, თუმცა ამ სეზონში სტაბილურად მარცხენა ვინგერად ირჯება, მთელი მატჩის განმავლობაში თავის ფლანგზე აქტიური იყო. დინამოელთა მცველს არც სისწრაფე დაეწუნება, არც ტექნიკა და არც დაბნეულობა შეტევაში. ის მუდამ წნეხში ამყოფებს მეტოქე გუნდის მცველებს და ეს ყველაფერი “შუქურასთან” მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: სანდრო ალთუნაშვილი ( ბთ.დინამო )

ბათუმის “დინამომ” გუშინ ტურის დასკვნით შეხვედრაში “თელავი” 2-1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში აჭარელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი ჩვეულად აქტიური იყო და გოლის გატანაც მოახერხა. ალთუნაშვილი პროდუქტიულია როგორც შეტევით ფაზაში ისე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც, თუმცა გია გეგუჩაძე მას ბოლო მატჩებში შეტევით ფუნქციებში უფრო იყენებს, რასაც სანდრო თავს კარგად ართმევს და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულიცაა.

ფლეიმეიქერი: პაპუნა ფონიავა ( სამგურალი )

“სამგურალის” კაპიტანმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. პაპუნა ფონიავა მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო და მესამე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა, ასევე ხაზგასასმელია რომ სწორედ ფონიავას შესრულებულ სტანდარტს მოყვა მეორე გოლი “ლოკომოტივის” კარში. ფონიავა წყალტუბოელთათვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი კარგი თამაში პირდაპირკავშირშია გუნდის წარმატებასთან.

ფორვარდი: სერგო კუხიანიძე ( სამგურალი )

წყალტუბოელთა ახალგაზრდა თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს. ამჯერად კუხიანიძემ “ლოკოსთან” შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ციფრებს რომ თავი დავანებოთ, კუხიანიძე მთელი შეხვედრის განამვლობაში მუდამ აქტიურია. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტექნიკის დიდი არსენალი გააჩნია, ამას ემატება მისი სისწრაფეც. კუხიანიძე ამავდროულად ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა და მისი დამაჯერებელი თამაში ორმაგად სასიამოვნოა.

ფორვარდი: თორნიკე ახვლედიანი ( თბ.დინამო )

ბევრს გაუკვირდება თუ რა მიზეზით მხოვდა ახვლედიანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში. პასუხი მარტივია – ახალაგზრდა შემტევმა, რომელმაც სულ 15 წუთი ითამაშა გატანილი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა, მაშინ როცა “შუქურა” თბილისის “დინამოს” უსიამოვნოდ უტევდა. ახვლედიანი თამაშში აქტიურად ჩაერთო და რექნიკური გოლიც გაიტანა.

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი ( სამგურალი )

ორი აზრი არაა რომ უჩა სოსიაშვილი ტურის გამორჩეული მწვრთნელია. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თანაც მათ თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხეს და რაც მთავარია გუნდმა ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა. სოსიაშვილი ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული მწვრთნელია, რომელსაც თავისი სათამაშო ფილოსოფია გააჩნია და მას უფრო მეტი ნდობა სჭირდება რათა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. შეგახსენებთ, რომ სოსიაშვილმა გორის “დილასთან” ერთად ჩემპიონის ტიტული მოიგო და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.