• ოთხ. მაი 12th, 2021

კახა კალაძე: “ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ამბავია”

თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ უეფამ გულშემატკივრების 30 პროცენტი დაუშვა, თუმცა დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დარგის სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანების შეშვებას სტადიონზე. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ უსაფრთხოებაზე”.

“სამწუხაროა და ცუდია, რომ ასეთი მატჩი, როგორიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია, მაყურებლების გარეშე გაიმართება”.

“თუმცა, მინდა ჩვენ ბიჭებს მივმართო, რომ მთელი საქართველო ფეხზე დგას და გულშემატკივრობს მათ. ჩვენი სახლებიდან აუცილებლად მივაწვდით ხმას თითოეულ ჩვენ ფეხბურთელს. დარწმუნებული ვარ, მათაც კარგად აქვთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია ბელარუსის წინააღმდეგ”.

“ზოგადად, მაყურებლის გარეშე ფეხბურთი ვერ წარმომიდგენია და რთულია, ასეთი დონის შეხვედრის ჩატარება. ის მოსაზრება, რომ თითქოს უმაყურებლოდ თამაშისას მხოლოდ საქართველოს ნაკრებია მინუსში, მე ამას არ დავეთანხმები. ეს ორივე გუნდისათვის მინუსია. ასეთ მატჩში ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო”, –  განაცხადა კალაძემ POSTV-ის ეთერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.