• ორშ. აპრ 12th, 2021

[აგორებული სკანდალი] ქეცბაია ლორიას საქმეზე ჩვენების მისაცემათ დაიბარეს

ევროთასების გამო, კვიპროსის საფეხბურთო ასოციაციის სპორტული ეთიკის კომიტეტმა “ანორთოსისისა” და “აპოლონის” მატჩის შემდგომ აგორებული სკანდალის განხილვა “გაყინა” და მხოლოდ ახლა დაუბრუნდა. კომიტეტის წევრებმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩის მთავარი გმირების ჩვენების მოსმენა დაიწყეს.

“მიუხედავად იმისა, რომ “ანორთოსისისა” და “აპოლონის” შეხვედრაზე ფსონების აქტივობის ზრდის ნიშნები არ არსებობს, როგორც ამას თავდაპირველად კომისიის თავმჯდომარე ანდრეას პაპახარალამბუსი ამტკიცებდა და არც უეფასგან მიუღიათ ინფორმაცია მატჩების შედეგზე გარიგების მიზნით, გამოძიება მაინც დაიწყო. მიზეზი “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორიას უცნაური მიმიკები გახდა, რომლითაც, პაპახარალამბუსი და კომიტეტის წევრები დაეჭვდნენ – პენალტის დარტყმამდე ქართველმა თავდამსხმელს რაიმე ხომ არ მიანიშნა? ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის წინაშე ჩვენებას მისცემს “აპოლონის” მთავარი მწვრთნელი სოფრონის აუგუსტი, ხოლო ამის შემდეგ “ანორთოსისის” მწვრთნელ თემურ ქეცბაიას და სხვა პირებს გაიმოძახებენ”, – წერს გამოცემა “ფილნიუსი”.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა. მიზეზი ზემოთ ხსენებული შეხვედრის შემდეგ “ანორთოსისის” მწვრთნელის საქციელი გახდა, როცა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თამაშზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმე ისაა, რომ ჩემპიონატის დებულების თანახმად, მატჩების დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელები ვალდებულნი არიან, პრესკონფერენცია ჩაატარონ და თამაშზე კომენტარი გააკეთონ. ქეცბაიამ კი განცხადება არ გააკეთა და მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა – “კომენტარის გარეშე”… და დარბაზი დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.