გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, არასრულწლოვნების პროცესზე გურამ ამირხანაშვილი დაკითხეს .

ბრალდების მხარის “ოქროს მოწმე” დილით პროცესზე შენობის უკანა, სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ სასამართლო დაცვის თანხლებით დატოვა, შესაბამისად ჟურნალისტებს მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამირხანაშვილის ადვოკატის, ეკა ხუციშვილის, განცხადებით, მოწმემ მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული მე–5 ჩვენება გაიმეორა. მისივე თქმით, ამირხანაშვილმა დაადასტურა, რომ “ტოიოტა კამრის” მგზავრებმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კონკრეტულად კი არჩილ გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში.

“გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში და დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ” – აღნიშნა ადვოკატმა.

“ოქროს მოწმემ” ასევე თქვა, რომ გაიგონა “ტოიოტა კამრიში” ბრალდებულების მიერ ნათქვამი ფრაზები: “ისევე კარგად იცოდა თუ არა გიორგიმ ცურვა, როგორც სირბილი” და რომ “დამკაში გავიდნენ”.

ამირხანაშვილმა დასმულ კითხვაზე, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ რატომ არ შეატყობინა პოლიციას გიორგის ამბავი, უპასუხა, რომ “ვერ აღიქვა სერიოზულად”.

“მას გაუჩნდა განცდა, რომ ის იპოვეს პირველი და რომ შაქარაშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ არ დარეკა პოლიციაში და დაურეკა მეგობარს, რომ წასულიყო და შაქარაშვილი წამოეყვანა. როცა დილით მოიკითხა და არსად ჩანდა, ოჯახს მომხდარი ინციდენტის შესახებ შეატყობინა” – განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

​გურამ ამირხანაშვილმა არაგვის ხიდზე მომხდარ პირველ ჩხუბზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში “მერსედესში” მჯდომი 6–ვე პირი და კიდევ იქ მყოფი, ტრასაზე მათ უკან მომავალი, ორი არასრულწლოვანი ლ.შ და გ.მ – ჯამში რვა პირი მონაწილეობდა.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიწყება. პროკურატურა 109–ე მუხლს ედავება ხუთ პირს – სამ სრულწლოვანს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს და ორ არასრულწლოვანს: ზ.ხ და ა.ქ. რაც შეეხება “ტოიოტას” მძღოლ ვასილ მახარაძეს მას ბრალი 143–ე მუხლით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა აქვს წაყენებული. ამავე ბრალს გამოძიება “ტოიოტას” იმ ხუთ მგზავრსაც ედავება, ვისაც განზრახ მკვლელობას.

დანარჩენ ბრალდებულებს რაც შეეხებათ, ნაწილს ძალადობის, ნაწილს ძალადობის ჯგუფურად  ორგანიზების, ნაწილს კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. მათგან სამი ბრალდებული ე.წ. საბურთალოს დაჯგუფებიდანაა და მათ გამოძიება აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ეპიზოდს ედავება, ხოლო დანარჩენი ბრალდებულები არაგვის ხიდზე მომხდარ ორი ჩხუბისა და მკვლელობის ნაწილში არიან ბრალდებულები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ