ჩემპიონატის ლიდერისა და მეორეადგილოსნის მატჩი თითქოს დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ თბილისის დინამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კორონავირუსის დროს შეჩერებული ჩემპიონატი, ყველაზე უკეთ გამოიყენა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებისთანავე დინამომ ჯერ უშუალო კონკურენტი საბურთალო გაანადგურა 3:0, ამჯერად კი ასევე ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ ლოკომოტივს 4:0 მოუგო.

არადა, ეს ანგარიში სრულად კიდევ არ ასახავს დინამოელთა იმ უპირატესობას, რომელიც დერბის მასპინძლებს ჰქონდათ. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, მაგრამ მინიმუმ ამდენივეს გატანა დინამოელებს პირველივე ნახევარში მართებდათ.

ლოკოს მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ 42-ე წუთზე კაპიტანმა დავით უბილავამ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და საკუთარი გუნდი კაცნაკლული დატოვა.

თუმცა, უფრო დიდი კატასტროფა სოსო ფრუიძის გუნდს მაშინ შეემთხვა, როდესაც ლუკა შეროზიამ შორიდან დავით კობოურის არცთუ სახიფათოდ დარტყმული და იოლად მოსარიებელი ბურთი ვერ დაიჭირა და დინამომ ანგარიში გახსნა.

შემდეგ საქმის ბოლომდე მიყვანა მარტივი საქმე გახდა – თორნიკე კაპანაძე მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქვია გოლად, შემდეგ ლოკოს უბედურებას ისიც დაემატა რომ თორნიკე კირკიტაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო ბოლო ლურსმანი ბრაზილიელი პერნამბუკუსი იყო, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა – 4:0.

დინამოს ამ მოგებით 8 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 7-ქულიანი ლოკომოტივი, ჯერჯერობით, მეორეა.

ფოტო fcdinamo.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ