ცხელი ზაფხული, ხმაურიანმა სატრანსფერო ამბებმა კიდევ უფრო მხურვალე გახადა. ივნისის თვეში, რამდენიმე საინტერესო მიდი-მოდი უკვე ვიხილეთ, თუნდაც „ლაიპციგიდან“ „ჩელსიში“ გადაბარგებული ტიმო ვერნერი რად ღირს.

ივლისის თვე კი კიდევ ერთი სერიოზული ტრანსფერით დაიწყო. „მანჩესტერ სიტი“ ლეროი სანეს შეელია. გერმანელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს.

სანეს „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა დიდ მოულოდნელობად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ბოლო პერიოდში მას პეპ გვარდიოლა იმდენად აღარ ენდობოდა და უმთავრესად სათადარიგოთა სკმაზე ამყოფებდა. მხარეებმა კონტრაქტის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ მოილაპარაკეს და ამას გვარდიოლა ჯერ კიდევ „ლივეპრულთან“ დაპირისპირებამდე არ მალავდა.

„ბაიერნი დიდი გუნდია, დიდი ამბიციებით. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს და ერთი სული მაქვს გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო. იმედი მაქვს, „ბაიერნში“ ყოფნა არაერთ სიხარულს განმაცდევინებს და მეც გუნდის მომავალ წარმატებებში წვლილს შევიტან“ – ამბობს ლეროი სანე.

სანე, „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წელს „შალკედან“ გადაბარგდა და 135 მატჩში 39 გოლი გაიტანა. „ბაიერნთან“ კი მან კონტრაქტს 2025 წლამდე მოაწერა ხელი და გუნდის მესვეურებმა 10 ნომრიანი მაისურაც გაუმზადეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ